ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომელმაც ის რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს. შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, - დაწერა ქურდოვანიძემ Facebook-ზე.
მზია ამაღლობელს კოლეგებმა და მეგობრებმა გუშინ ციხეში წერილი გაუგზავნეს თხოვნით - საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პროტესტის უკიდურესი ფორმა შეაჩეროს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“, - როგორც ნონა ქურდოვანიძე წერს, ეს არის მზია ამაღლობელის სათქმელი.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელთან სამი საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს. ამასთან, ის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ადვოკატების განცხადებით, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, სახეში შეაფურთხა და ასევე, მისი ბრძანებით, დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახალხო დამცველის და ადვოკატების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან მისი ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. მზია ამაღლობელის ადვოკატები და კოლეგები ითხოვენ, საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიენიჭოს და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი იქნეს გამოძიებული, გამოძიების მიმდინარეობის დროს კი პოლიციის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდეს.
მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული. 20 იანვარს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამაღლობელი წერდა, რომ „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“ და არ აპირებს „რეჟიმის დღის წესრიგი“ მიიღოს.
ამ თემაზე:
პრესის საერთაშორისო ორგანიზაციები ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ მზია ამაღლობელის საქმეზე განგაში გამოსცა
