საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. 12 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს პორტის 51 პროცენტიანი წილი ექნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, მტვრის ბუდედ გადააქციეს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამას უცხო კომპანიებთან თუ სხვა კომპანიებთან ერთად. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზეც“ ისაუბრა, რა დროსაც მას „ე.წ. ინვესტორი“ უწოდა და თქვა, რომ კონსორციუმი საქართველოს 1.5 მილიარდ დოლარს ედავება.
„ყველას კარგად მოეხსნება, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ეს პორტი აშენებულიყო. გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი (კარგად მოგეხსენებათ ყველას, ვინ არის ეს ე.წ. ინვესტორი), რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, რამდენჯერმე - სამჯერ, ოთხჯერ თუ არ ვცდები და ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი თანხები აქვთ ინვესტორებისგან მოზიდული, 20-25 მილიონი დაახლოებით. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას. მიწა ჩვენი იყო, უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც. ითხოვდა გზების, რკინიგზის მიყვანას.
ასეულობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო, ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ,რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ: უჩივლეს ქვეყანას არბიტრაჟში და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს.
წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერცერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს მილიარდ ხუთას მილიონს ედავება. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა. ეს იყო ჩვეულებრივ გამდიდრების და ძარცვის იდეა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აწუხებს არბიტრაჟი, რომელიც არ არის მურუსიძის სასამართლო და მიიღებს დამოუკიდებელ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ხაზარაძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა:
„პირველი ტყუილი ინვესტიციებთან დაკავშირებით თქვა - 3 მილიონი აქვსო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ჩადებული. ეს სიცრუეა. ეს ციფრები ეკონომიკის სამინისტროში ინახება. მთლიანად პროექტში ჩადებულია 80 მილიონი დოლარი, აქედან 40 მილიონამდე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიერ.
მეორე ტყუილი, თურმე ხუთი წელი ვყოფილვართ ანაკლიის პროექტში და ვერ განვახორციელეთ. რეალურად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ პროექტის განხორციელებას 2016 წელს, 2019 წელს კი მთავრობამ პროექტი გააჩერა და ჩამოართვა კონსორციუმს. გაგახსენებთ, რომ 2019 წელს პრაქტიკულად მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა ჩვენი დევნა.
მესამე ტყუილი, მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ისინი აპირებენ პორტის პროექტის 51%-ით დაფინანსებას. ანაკლიის კონსორციუმის კონტრაქტის მიხედვით, აშენებული პორტი, ცხრავე ფაზის დამთავრების შემდეგ უსასყიდლოდ 100% გადაეცემოდა სახელმწიფოს კუთვნილებაში“.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უნდა განეხორციელებინა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაწყვიტა. კონსორციუმში რამდენიმე ინვესტორი კომპანია, მათ შორის, „თიბისი ჰოლდინგი“ შედიოდა. 2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ ჰოლდინგის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ფულის გათეთრება) წარუდგინა. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. სამწლიანი პროცესის შემდეგ, 2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელზეც ხანდაზმულობა ვრცელდება. კერძოდ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი თაღლითობისთვის, 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მესაჯათ, თუმცა დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერების მიზნით დაიწყო.