თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ ოთხ დაკავებულს - ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას და უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვს. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში პროტესტი მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
პროკურატურა ექვსივე დაკავებულს ბრალად სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
პროკურორის განცხადებით, 29 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე, ანდრო ჭიჭინაძე „ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას“. ბრალდების მხარის მტკიცებით, იმავე დღეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა ონისე ცხადაძეც - „ჯოხს და ბოთლს, ასევე სხვადასხვა მძიმე საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტრიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოში ჩანან ადამიანები, რომლებიც მათი მისამართით ნასროლ საგნებს აბრუნებენ უკან.
„გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხდვით, არცერთი პირის მიერ ნასროლი საგანი - ბოთლი იყო, თუ პატარა ხის ჯოხი - არ ხვდება არცერთ პოლიციელს. ფაქტობრივად, დაზარალებული არავინაა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
„ძმას ვფიცავარ, რომ არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია და ყოველთვის მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვარ პასუხისმგებელი. არანაირ მტკიცებულებაზე ხელი არ მიმიწვდება, რომლის განადგურებაც შემიძლია. პირობას ვდებ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლებ თავიდან ბოლომდე, სასამართლოსთანაც და პროკურატურასთანაც. არსად მიმალვას არ ვაპირებ, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ სადმე მივიმალო, არსად წასასვლელი მე არ მაქვს. არავის არაფერში ხელს არ შევუშლი და გთხოვთ, აღკვეთის სახით შემიფარდოთ გირაო“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ, თუმცა მისი მოთხოვნა და არგუმენტები მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლად ანდრო ჭიჭინაძემაც. „სიმართლე როცა შენ მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც. ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის“, - თქვა მან.
ექვსივე დაკავებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა. დაცვის მხარე მოსამართლე მჭედლიშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
