ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს, რითაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს პირდაპირ არღვევს. ამის შესახებ განცხადება დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
საუბარია 720 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაზე. გასულ წელს მონიტორინგს დაექვემდებარა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დეკლარაციებიც. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შესამოწმებელ თანამდებობის პირებს შორის იყვნენ 9 მინისტრი, 13 მინისტრის მოადგილე, პარლამენტის 68 წევრი, 5 მოსამართლე, 2 პროკურორი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები.
კანონის თანახმად, მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად ყოველი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს. 2017-2022 წლებში დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო იყო, ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან ეს ფუნქცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაეცა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია (გაფრთხილება თუ დაჯარიმება) გამოიყენა.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2023 წლის 1 სექტემბრამდე განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებს, დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა მის მიერ 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე შემოწმებული დეკლარაციების შედეგები, მათ შორის არც ზოგადი სტატისტიკა. ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე არ გასცა“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე შესამოწმებელი თანამდებობის პირების სრულმა რაოდენობამ 220 შეადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ბიუროს განცხადება, რომ მის მიერ შესამოწმებელ 220 დეკლარაციაზე ადმინისტრაციული წარმოება 2024 წლის 29 მარტის მდგომარეობით მიმდინარე იყო და ამ საფუძვლით, არ შეეძლო შედეგების გასაჯაროება, ცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ბიურო აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგებს 2024 წლის ანგარიშში ასახავს, რომელიც 2025 წლის მარტში უნდა გამოქვეყნდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაასაჯაროოს 2023 წლის ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით შეიქმნა. თუმცა, „ნაცვლად იმისა, რომ გაეუმჯობესებინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი“.
