ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერების დაკავებას სოხუმში საპროტესტო გამოსვლები და „რესპუბლიკური საავტომობილო გზის უკანონო გადაკეტვა“ მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ე.წ. ძალოვანი ორგანოების ხელმძღვანელებმა ბჟანიას მოახსენეს, რომ ოპოზიციონერების დაკავების საფუძველი პარლამენტის დეპუტატზე მომხდარი თავდასხმა გახდა.
აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ თქვა, რომ დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, სადაც განიხილებოდა „საკონსტიტუციო კანონის პროექტი აფხაზეთში მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, პარლამენტის შენობის ეზოში მყოფმა ადამიანთა ჯგუფმა დეპუტატის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები ჩაიდინა. როგორც აგრბამ აღნიშნა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ოთხი პირი - გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, ომარ სმირი და რამაზ ჯოპუა. ისინი ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებულები.
„ამ დროისთვის პროკურატურა აწარმოებს საპროცესო შემოწმებას, რომლის შედეგადაც მოხდება შემთხვევის გარემოებების სამართლებრივი შეფასება“, - თქვა ე.წ. გენპროკურორმა.
მისივე განცხადებით, დაკავებულთა ნათესავებმა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა, მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, სცადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ძალადობრივი შეღწევა, რაც სამართალდამცავებმა აღკვეთეს.
ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი თანამებრძოლები 11 ნოემბერს, საღამოს იმ დროს დააკავეს, როდესაც გუდაუთაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სოხუმში ბრუნდებოდნენ. მათი ცნობით, დაკავებულთა შორის სულ მცირე ხუთი პირია - ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ოპოზიციის მხარდაჭერებმა დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით სამი ხიდი გადაკეტეს - გუმისთი ზედა და ქვედა ხიდი, ასევე კოდორის ხიდი.
„ჩვენი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ ჩვენი უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლები, რომლებიც ბარბაროსულად დააკავეს. ჩვენ არ ვუჭერდით მხარს, არ ვუჭერთ მხარს და არ ვაპირებდით მსგავსი ქმედებების მხარდაჭერას, მაგრამ ეს არის იძულებითი ღონისძიება და ვთხოვ ჩვენს ხალხს, ამას გაგებით მოეკიდონ.
მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქმედება მშვიდობიანი იყო, მაგრამ ხელისუფლებამ თავად მოახდინა სიტუაციის პროვოცირება.
ის, რომ დაკავებულებს ედავებიან პარლამენტის შენობასთან რაღაც შეხლა-შემოხლას, არ არის იმის პროპორციული, რა ფორმითაც მათი დაკავება მოხდა“, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა, ადგურ არძინბამ.
არძინბას თქმით, მისი თანამებრძოლები სასტიკი ფორმით დააკავეს და ახლა მათთან ადვოკატებს არ უშვებენ.
ადგურ არძინბა აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებს ოპოზიციონერების გათავისუფლებას და იმ ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.
30 ოქტომბერს, მოსკოვში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს. დოკუმენტი კომპანიების მხარდამჭერ ზომებს ადგენს. 11 ნოემბერს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო კანონი აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილია. ასლან ბჟანიამ კანონს იმავე დღეს მოაწერა ხელი. საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განხილვა 15 ნოემბერს, პარასკევს იგეგმება. ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს საპროტესტო აქცია აქვთ დაანონსებული.