არ მოვერიდებით ივანიშვილზე პასუხისმგებლობის დაკისრებას | სენატორი კარდინი და სხვები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-ის სენატის, ევროკავშირის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სენატორ ბენ კარდინის ხელმძღვანელობით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ტრანსატლანტიკური საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მიერ არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ.

„როგორც ევროატლანტიკური კანონმდებლები, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა და ქართველებმა ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ კანონი ირეკლავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.

პატივსაცემი ქართული ორგანიზაციები, როგორებიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (TI - საქართველო), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს კანონი ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევას და ემსახურება პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტებია.

შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და ხედვა საქართველოსთვის, არის ნამდვილი პატრიოტიზმის მაგალითი, განსხვავებით იმ 84 დეპუტატისგან, რომელიც გუშინდელი კენჭისყრით რუსეთს შეუერთდა.

ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით, არც იმას მოვერიდებით, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების მიმართ ბრუტალურ ანგარიშსწორებაზე, ბიძინა ივანიშვილის და მისი ახლობლების ჩათვლით. მივმართავთ ქართველ ხალხს: თქვენ მარტო არ ხართ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • ბენ კარდინი - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარკ დემესმაიკერი - ბელგიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • პაველ ფიშერი - ჩეხეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარეკ ჟენიშეკი - ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მარკო მიჰკელსონი - ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • იუკა კოპრა - ფინეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;
  • მიხაილ როთი - გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • დილია მისტ ეინარსდოტირი - ისლანდიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ჩარლზ ფლანაგანი - ირლანდიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ლია კვარტაპელე - იტალიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი;
  • რიჩარდს კოლსი - ლატვიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ბოგდან კლიჩი - პოლონეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ალექსანდრე მერეჟკო - უკრაინის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ალისია კერნსი - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა შესარჩევი კომიტეტის თავმჯდომარე.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების და ხალხის ერთთვიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო. პარლამენტში 14 მაისს გამართულ კენჭისყრაზე, კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 წინააღმდეგი იყო.

რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ თუ კანონი განხორციელდება იმ სახით, როგორიც ახლაა, შედეგები იქნება. კერძოდ, ო’ბრაიენმა თქვა: „თუ კანონი არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან, დემოკრატიას ძირი გამოეთხრება და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადებენ, მაშინ აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ. როგორც წესი, ეს არის ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ქმედებებზე და მათი ოჯახების მიმართ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).