საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს დაამტკიცებს, ბრიუსელში ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„საქართველო, სამწუხაროდ, საერთაშორისო ტელევიზიების ახალ ამბებშია, თუმცა ამის მიზეზი კარგი არ არის. სერიოზულად ვართ შეშფოთებული. ვფიქრობთ, დრო ჯერ კიდევ არის კურსის შესაცვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, მუქარა და ძალადობა. იმედი მაქვს, არ გავხდებით იძულებულები, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, სადაც ნაკლები - ნაკლებისთვის იქნება, რაც ნეგატიური იქნება და დაარტყამს რიგით მოქალაქეებს,
თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან.
მისივე თქმით, თუ ამ კანონს არსებული სახით მაინც მიიღებენ, არ გამორიცხავს, რომ ამას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
„გვაქვს ფინანსური დახმარება, ვიზალიბერალიზაცია, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. შეთანხმებაში არსებობს დაცვითი მექანიზმები, რომელიც იძულების შემთხვევაში, შეგვიძლია, გამოვიყენოთ, მაგრამ არ გვინდა ამ ეტაპამდე მივიდეთ. ახლა უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად.
ჯერ კიდევ არის დრო და პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება. გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენ პარლამენტის წევრებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შევისწავლით ყველა გზას, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს და შედეგებზე ფიქრი არ მოგვიწიოს. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, ბრიუსელში ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება და ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ამ ეტაპზე - ნეგატიური მოვლენების სპირალზე. მე არ მსურს, ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან საბოლოოდ ეს ნეგატიურად აისახება რიგით ადამიანებზე, თითოეულ პირზე. სწორედ ამიტომ, ამ მომენტში, მოცემულ გარემოებებში, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ამ ეტაპზე არ გადავიდეთ“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 8 მაისს, ბრიუსელში, კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოს საკითხზე და განიხილეს ის პოტენციური ზომები, რაც შესაძლოა, ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ გაატარონ. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, არ არის გამორციხული ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება 15 აპრილიდან. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო მოსმენა 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი.
