ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც განიხილავენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 8 მაისს, ბრიუსელში, კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოს საკითხზე და განიხილეს ის პოტენციური ზომები, რაც შესაძლოა, ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ გაატარონ. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, არ არის გამორციხული ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე, მათ შორის, პოტენციურ ზომებზე უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველა ვარიანტი განიხილება“, - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში.

ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 26-მა წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა, დუმდა მხოლოდ 27-ე წევრი - უნგრეთი.

„შესაძლოა, მალე ევროკავშირმა განცხადება და კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, - აღნიშნავს რიკარდ იოზვიაკი.

გარდა ამისა, ის იუწყება, რომ ევროკავშირის ელჩებმა „მწვანე შუქი აუნთეს“ საქართველოსთვის არალეტალური სამხედრო დახმარების შესასყიდად 30 მილიონი ევროს გამოყოფას.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკომისიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტურ უფლებებზე, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია. რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. მაშინ,

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არავინ საუბრობს“, გარდა კონკრეტული რეზოლუციისა და იმ „უპასუხისმგებლო“ პოლიტიკოსების ჯგუფისა, რომლებსაც „არანაირად არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“. ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც შეაფასა და თქვა, რომ „ჩალის ფასი აქვს“.

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარი 2017 წლის 2 თებერვალს დაუჭირა. გადაწყვეტილება იმავე წლის 28 მარტიდან ამოქმედდა.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება 15 აპრილიდან. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო მოსმენა 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).