იმედი მაქვს, იციან რასაც აკეთებენ, ამ სიტუაციაში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ - კირთაძე კინოცენტრზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ნინო კირთაძე

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა და კინოს მხარდაჭერის ევროპის საბჭოს ფონდში - „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლი აღარ იქნება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბევრი რამ მიეწყო ერთმანეთს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ, რომ ვნახე, როგორ დამემშვიდობა კინოცენტრი 4-წლიანი მუშაობის შემდეგ. თუ ნეპოტიზმის აღმოფხვრეს ჩემი სახით, ვულოცავ“, - განაცხადა რეჟისორმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

„მე არ მგონია, რომ არსებობენ შეუცვლელი ადამიანები. გააჩნია, რა უნდა კინოცენტრს დღეს, რა არის მომავლის, კინოს განვითარების, კოპროდუქციების სტრატეგია. არ ვიცი, რა სურვილები აქვს იმ კინოცენტრს, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ იფუნქციონირებს. შეუძლიათ შემცვალონ, გზა თავისუფალია და მერე გამოჩნდება. ეს არ არის მარტივი ამბავი. ეს არის სერიოზული საქმე, ამაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული და დამოკიდებულია ქართული კინოს მომავალი.

ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან უცნაურად დაიწყო ეს რეფორმა და არ ვიცი, რა არის ამის ამოცანა გარდა იმისა, რომ უკეთესი გახდეს, რაც ითქმის ხოლმე - ნეპოტიზმი აღმოიფხვრას და გაძლიერდეს კინო სექტორი. ყოველ შემთხვევაში, დღემდე მე რასაც ვხედავ, ეს არის ადამიანების გათავისუფლება. ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მე ვმუშაობდი, უკვე იქ აღარ არის, უცხოეთის დეპარტამენტზე მაქვს საუბარი.

წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. ჩემთვის არავის უკითხავს, რას ვფიქრობ ამაზე, რას ვხედავ როგორც პრობლემას და რა განვითარებას ვისურვებდი. არ მესმის, ისევე როგორც, ძალიან ბევრს არ ესმის, სად მიდის ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ იციან, რასაც აკეთებენ და მართლა წარმატებას ვუსურვებ, თუ რამე კარგს გააკეთებენ, მაგრამ მე ჩემს ადგილს ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში“, - ამბობს ნინო კირთაძე.

რეჟისორმა კინოცენტრს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე 11 ივლისს, კინოცენტრის თანამშრომლებისა და კინემატოგრაფების პროტესტის ფონზე მიმართა. განცხადება ორ დღეში, 13 ივლისს დაუკმაყოფილეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კინოცენტრში გამოცხადებული ერთთვიანი რეორგანიზაციის პროცესში ნინო კირთაძის შტატგარეშე თანამდებობის გაუქმება და მისი საშტატო ერთეულად გადატანა იგეგმებოდა. კინოცენტრში აცხადებენ, ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო, რაც კირთაძის „დროებით გათავისუფლებას“ გამოიწვევდა. „სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული“, - წერდა კინოცენტრი ნინო კირთაძის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

კირთაძის თქმით, ის თანამდებობიდან როგორც კინოცენტრისთვის, ისე უცხოელი პარტნიორებისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს წავიდა: „ზაფხულია. ეს არ ხდება სესიის დროს, მაშინ, როცა მზადდება ფილმების განხილვა. ჩემი აზრით, ყველა მიმართულებით შევუწყე ხელი - არც ჩემი გათავისუფლება მოუწიათ, ჩემით წავედი და დავუთმე ბურთი და მოედანი. ახლა ვარკვევ, რომ თურმე ნეპოტიზმის ნიმუში ვარ. ის, რაც შემომთავაზეს, ტექნიკურად შეუძლებელია რომ გამოვიდეს. მე არ მინდა შტატში ყოფნა. ეს სტატუსი ჩემნაირი ადამიანისთვის, რომლის მთავარი საქმე რეჟისურაა, ტექნიკურ პრობლემას ქმნის. მე ვთანამშრომლობ ფრანგულ კინოცენტრთან და მეოთხე წელია ჟიურიში ვარ, მაგრამ ეს არ არის შტატიანი ხელშეკრულება“.

ნინო კირთაძეს ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების ვადა 2024 წელს ეწურებოდა. ის „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი 2019 წლიდან იყო.

ეროვნულ კინოცენტრში, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებაა, რეორგანიზაცია 12 ივნისს გამოცხადდა და 12 ივლისს დასრულდა. ამ პროცესში სამსახურიდან გაათავისუფლეს ათობით თანამშრომელი. ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციის საბაბით გაუქმდა სხვადასხვა, მათ შორის, დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. სამაგიეროდ, შეიქმნა კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიცია, სადაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი ერთი თვის განმავლობაში აქციებს მართავდა. ისინი რეორგანიზაციის შეჩერებასა და კინოცენტრის დირექტორის კონკურსის წესით შერჩევას ითხოვდნენ. ხელოვანები მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო ამ დრომდე დამოუკიდებელი კინოცენტრის დამორჩილებას და კინოში ცენზურის შემოღებას ცდილობს.

რეორგანიზაციის დაწყებამდე გაცილებით ადრე, 2022 წლის მარტში, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა გაგა ჩხეიძე, რომელიც კინოცენტრის დირექტორი 2005-2018 და 2019-2022 წლებში იყო. სამინისტრო ჩხეიძის გათავისუფლების საფუძვლად მისი საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ასახელებს. გაგა ჩხეიძეს წულუკიანის ბრძანება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.