არასამთავრობოები: საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოში მოქმედმა 23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია. ორგანიზაციები გამოეხმაურნენ ევროპული საბჭოს 27 ივნისის სხდომას, სადაც ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა.

„ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში აღებული კურსის შეცვლის გზით, რაკი ეს საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს“.

 ამასთან, ევროპულმა საბჭომ ხელისუფლებას მოუწოდა, 2024 წლის შემოდგომაზე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დაასრულოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებული ფიზიკური თავდასხმები, დაშინებები და მუქარა.

ევროკომისია შემოდგომაზე წარმოადგენს გაფართოების მორიგ ანგარიშს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად შეფასებული იქნება საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია, რასაც ასევე ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. აღნიშნულის შემთხვევაში, ევროპული კავშირის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • გაიწვიოს რუსული კანონი და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და ღირებულებებს;
  • არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, და გაუფრთხილდეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თითოეულ მონაპოვარს;
  • შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), აღმოსავლეთევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), დემოკრატიის მცველები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, თბილისი პრაიდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მწვანე ალტერნატივა, სამართლიანი არჩევნები (ISFED), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სასამართლოს გუშაგი, საფარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI),საქართველოს ევროპული ორბიტა, საქართველოს მომავლის აკადემია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, უფლებები საქართველო, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).