ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირების გამო, მოსკოვის ბირჟამ 13 ივნისიდან აშშ დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეწყვიტა. რუსეთის ცენტრალურ ბანკში ირწმუნებიან, რომ ბანკებში უცხოური ვალუტის გაყიდვა ჩვეულებრივ იქნება შესაძლებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
12 ივნისს, შეერთებული შტატების ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დააწესა მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ. სანქციებს სიაში ასევე შეიყვანეს ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი და ეროვნული კლირინგ ცენტრი, რომლებიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობაში შუამავლების როლს ასრულებენ.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დოლარისა და ევროს როლი რუსულ ბაზარზე მუდმივად მცირდება, ხოლო ჩინური იუანის წილი მოსკოვის ბირჟაზე მაისში განხორციელებულ ვაჭრობაში 54% იყო. „ამგვარად, იუანი უკვე გახდა ძირითადი ვალუტა სავალუტო ვაჭრობაში. იუანი/რუბლის გაცვლითი კურსი განსაზღვრავს ტრაექტორიას სხვა სავალუტო წყვილებისთვის და გახდება საცნობარო წერტილი ბაზრის მონაწილეებისთვის“, - განაცხადა რეგულატორმა.
აშშ-ის ახალი სანქციები 300-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხო, როგორც რუსეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.
„რუსეთის ომის ეკონომიკა ღრმად არის იზოლირებული საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან, რის გამოც კრემლის სამხედროები სასოწარკვეთად ცდილობენ გარესამყაროსთან წვდომას. დღევანდელი ქმედება [სანქციები] ურტყამს საერთაშორისო მასალებისა და აღჭურვილობის მისაღებად დარჩენილ არხებს, მათ შორის, მესამე ქვეყნებიდან კრიტიკულ მომარაგებაზე დამოკიდებულებას.
რუსეთის ომის ეკონომიკაში ჩართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის რისკს ვზრდით და აღმოვფხვრით თავის არიდების გზებს, ასევე, ვამცირებთ რუსეთის შესაძლებლობას, მიიღოს სარგებელი უცხოურ ტექნოლოგიებზე, აღჭურვილობაზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და IT სერვისებზე ხელმისაწვდომობით“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა.
დასანქცირებულ იურიდიულ პირებს შორის არიან კომპანიები ჩინეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, სერბიდან, სამხრეთ აფრიკიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიდან და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან. OFAC-ს განმარტებით, ისინი რუსეთს აქამდე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით ეხმარებიან.