აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, საქართველო არ არის ვინმეს ვასალი - კალაძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა „ამ ფორმით“ შეუძლებელია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით, უბრალოდ, შეუძლებელია. მზად ვართ მეგობრობისთვის, იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და ჯანსაღი გახდეს, იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არა, უბრალოდ, ვირტუალური. ეს უნდა იყოს ორმხრივი.

საქართველო არ არის ვინმეს ვასალი და ის ქვეყანა, რომელსაც ვიღაც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს, ქვეყანაში მშვიდობას დაანგრევს და იქნება ის ვითარება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია.

არა, მეგობრებო, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყანას, ვიცავთ მშვიდობას და გვინდა სიმშვიდის შენარჩუნება. პარალელურად, მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობების გასაღრმავებლად“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. „ეს ქვეყანა არ იქნება გამოყენებული ვიღაც სხვისი ინტერესებისთვის. საქართველოში არ იქნება ის პროცესები და მოვლენები, რაც სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხდება. ეს ქვეყანა და ხალხი საზარბაზნე ხორცად არ იქნება და ვერ იქნება გამოყენებული. კარგად დაიმახსოვროს ყველამ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეერთებულმა შტატებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი დაამტკიცა. გუშინ, 5 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, რომ თანამშრომლობის გადახედვის შესახებ განცხადება მხოლოდ რიტორიკა არ არის და საუბარია სერიოზულ პოლიტიკურ შედეგებზე. რუსული კანონის მხარდამჭერებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების გარდა, აშშ-მა შესაძლოა გადახედოს საქართველოსთვის 390 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის საკითხსაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).