პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი / „საქართველოს ამბების“ ფოტო

„აზერბაიჯანი ვერ ითანხმებს სომხეთს თავის პოზიციაზე. რა არის აზერბაიჯანის პოზიცია? მას უნდა სომხეთის გავლით ნახჩევანთან ჰქონდეს ე.წ. ეკონომიკური დერეფანი, რომელიც გულისხმობს, რომ ტრანსპორტმა, ტვირთებმა ისე გაიაროს ეს დერეფანი, არ შემოწმდეს. პრაქტიკულად, ეს ზღუდავს სომხეთის სუვერენიტეტს“, - აცხადებს „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. 13 სექტემბერს, გვიან ღამით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რომელსაც ორივე მხარეს ათობით მსხვერპლი ჰყავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

- განაპირობა თუ არა ეს უკრაინაში რუსეთის მარცხმა?

- პრინციპული მნიშვნელობა იქონია. პირველად მოხდა ის, რომ უშუალოდ სომხეთის სახელმწიფო ტერიტორია დაიბომბა, რითაც აზერბაიჯანმა გარკვეული გამწვავება, გამოწვევა განახორციელა რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს სომხეთთან ხელი აქვს მოწერილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე, ვალდებულებებზე, რომ დაიცვას სომხეთის სუვერენიტეტი გარე ძალის შეჭრისგან. მოასწრო თურქეთმა, დემონსტრაციულად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს და განაცხადა, რომ სომხეთის პროვოკაციები ხელს უწყობს ვითარების გამწვავებას. რუსეთმა სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე მობილიზაცია გამოაცხადა. არ ვიცით, რატომ მოხდა განგაშის რეჟიმში გადასვლა. დაძაბულობა იზრდება იმიტომ, რომ საქმე ეხება სომხეთის სუვერენიტეტს და სომხეთის იძულებას, დაითანხმოს აზერბაიჯანმა პირობებზე - ჰქონდეს პირდაპირი, უაპელაციო, საბაჟოს გარეშე კონტაქტი თავის რეგიონთან, ნახჩევანის რესპუბლიკასთან.

რუსეთი ძალიან რთულ ვითარებაშია. 7000 სამხედრო, რაც მას ოფიციალური მონაცემებით სომხეთში ჰყავდა, საკმარისია იმისთვის, რომ განახორციელოს ოპერაცია, მაგრამ სჭირდება მას ახლა ეს კავკასიაში, როცა თურქეთი თვალყურს ადევნებს და თან თურქეთს მეორე თვალი, ხელი და ფეხი აქვს უკრაინისკენ და შავ ზღვაზე. სჭირდება ახლა მას ასეთ მოწყვლად სიტუაციაში, სადაც ფორმალურად საქართველო მისი მტერია, თუმცა არსებითად, სამწუხაროდ, საქართველო უსამართლოდ იქცევა, მაგრამ მაინც საეჭვო ვითარებაშია; აზერბაიჯანი აშკარად თავის ინტერესებს ახორციელებს რუსეთის მოკავშირე სომხეთის წინააღმდეგ, თურქეთი ეხმარება. რა თქმა უნდა, რუსეთს არ უნდა აწყობდეს, თუ გინდა 10 000 და 20 000 კაცი ჰყავდეს რეგიონში. ახლა ამისი დრო არ არის. ამიტომ, აზერბაიჯანის მხრიდან მომენტი კარგად არის დაჭერილი. არამხოლოდ ახალი კონტრშეტევის გამო უკრაინის მხრიდან, არამედ იმ მდგომარეობის გამო, რაც უკრაინაშია. ეს არ არის რუსეთის საუკეთესო ვარიანტი. რუსეთი ხვდება, რომ მას არავინ მეგობარი არ ჰყავს. თურქეთი მეგობარიაო რომ ამბობს, სასაცილოა. პარტნიორი არის სიტუაციურად. როცა სჭირდება, პარტნიორია. რუსეთი კარგად ხვდება მარტო რომ არის და მისმა არაკომპეტენტურმა, წინდაუხედავმა, იმპერიალისტურმა ხედვებმა მარტო დატოვა მსოფლიოში და არავინ მისი მოკავშირე არაა, კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ დროსა და სივრცეში.

- რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, რომლის წევრებიც რუსეთთან და სომხეთთან ერთად არიან ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

- პრაქტიკულად, კოლექტიური უსაფრთხოების ეს ორგანიზაცია მხოლოდ რუსეთისთვის არსებობდა. სხვანაირად ვერაფრით ვერ გამოვლინდა მისი ფუნქციონირება. ვისაც უნდა, ისე იყენებდა თუ რუსეთი თანხმდებოდა. მაგალითად, ყაზახეთში ჰყავდა შეყვანილი ძალები მანდატის გარეშე, რომლებსაც იქ არაფერი ესაქმებოდათ. უკრაინაში რუსეთის საერთო შესუსტების და აშკარად მარცხის ფონზე, გამორიცხული არაა, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრებმა ეჭვქვეშ დააყენონ, რამდენად სჭირდებათ მათ რუსეთთან ბმა. ამის წინაპირობა არსებობს. თუ ვინმეს უნდა ამ ორგანიზაციის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება, ახლა სწორედაც რომ ამის დროა.

- ამ სიტუაციაში რა არის აზებაიჯანის პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი? აზერბაიჯანისადმი რა მხარდაჭერაა მოსალოდნელი თურქეთისგან?

ეს ისეთი ეპიზოდი არაა, რომ რაღაც სერიოზული მხარდაჭერა იყოს საჭირო. სუვერენული სივრცის ტერიტორიაა და ეჭვი მეპარება, ჯარები შევიდნენ. დაბომბვები უკვე შემცირდა კიდეც, 7 წერტილიდან დაარტყეს წუხელ ღამით და ახლა ორ ეპიზოდზეა მეტნაკლებად რაღაც სირთულეები. აშკარად ჩანს ძალის დემონსტრირების მცდელობა. სხვა რამე რომ იყოს, მაშინ შეტევა უფრო ინტენსიური იქნებოდა. ალბათ, ჩაცხრება. თურქეთის მხარდაჭერა იქნება დიპლომატიური, პოლიტიკური ყველა დონეზე, ყველა მოედანზე. თურქეთი ხმას ამოიღებს, ის ანგარიშგასაწევი ძალაა. იარაღი იქნება თუ რაც იქნება, ისედაც აქვს აზერბაიჯანს თურქეთის მხრიდან. არა მგონია დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა სხვა რამე იყოს. სამაგიეროდ, მისი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა დააშოშმინებს რუსეთს.

არა მგონია, აზერბაიჯანი წავიდეს ისეთ ნაბიჯზე, რომ სომხეთს წაართვას ზანგეზურის რეგიონი, რომელიც ესაზღვრება ირანს და გადის ნახჩევანში. აზერბაიჯანს უნდა ზედმეტი თვალის გარეშე ჰქონდეს იქ ეკონომიკური დერეფანი, რომლითაც ის ატარებს ტვირთს ნახჩევანში, ყოველგვარი სომხური კონტროლის გარეშე. მე ვფიქრობ, ამას მიაღწევს აზერბაიჯანი.

შეიძლება, უფრო უმტკივნეულოდ, სომხეთის ღირსება შეინარჩუნონ, ანუ შუალედური იყოს. სომხეთმა ვითომ ბევრი არაფერი დათმო, მაგრამ საბოლოო ჯამში დათმობა მოუწევს და აზერბაიჯანული ტვირთები იმოძრავებს ნახჩევანის მიმართულებით აზერბაიჯანელების პირობებით. დიდი ხანია ამაზე მსჯელობა მიდის და სომხეთი კატეგორიული წინააღმდეგია დერეფნის არსებობისა ამ პირობებით. მე მგონი ამ დერეფნის გამო მოხდა ძალის ასეთი დემონსტრირება უკვე სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

- სომხეთში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- სხვადასხვა მიზეზით, ბოლო დროს რამდენჯერმე ვიყავი სომხეთში, ბევრი ვესაუბრე სომეხ ექსპერტებს. მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. ახლა იწყება გააზრება იმისა, რომ ნამდვილი, რეალური, სუვერენული არსებობა, მე-11-ე საუკუნის შემდეგ პირველად იწყება. ოდესღაც იყო რუსეთის იმპერია, მერე ხდება ოსმალეთის იმპერიისა და სპარსეთის იმპერიის გაყრა და რუსეთის გუბერნიების ჩამოყალიბება და რუსეთის მფარველობის ქვეშ იყო მთელი კავკასია, ამ ფონზე საბჭოთა პერიოდი. საბჭოთა პერიოდის შემდეგ მისი დაშლა, რუსეთის მეურვეობა და ზუსტად ახლა იწყება ნამდვილი სომხეთის სახელმწიფოს შექმნა. ახლა ხდება გააზრება და ხვდებიან, რომ სომხეთმა უნდა იპოვოს, უნდა გადაარჩინოს ის, რისი გადარჩენაც შეუძლია და უნდა გამონახოს ამ ვითარებაში საერთო ენა თავის მეზობლებთან - თურქეთთან და აზერბაიჯანთან. სხვა გეოპოლიტიკა, სხვა არჩევანი, სხვა გლობუსი მათ არ აქვთ. ყველა ხვდება, რომ ძვრები დაიწყო. სომხეთს, როგორც სახელმწიფოს არაფერი ემუქრება, სუვერენიტეტის საზღვრების საფრთხეები რომ არის, ამაზე საჭიროა მსჯელობა, მაგრამ ის, რომ სულ რუსების იმედზე იყვნენ, ან სულ თურქეთის უნდა ეშინოდეთ, ესეც უნდა გამოირიცხოს. უნდა დაიცვან რუსეთთან პრაგმატული დამოკიდებულება და დაიწყონ თურქეთთან ასევე პრაგმატული დამოკიდებულება. მოაწერონ ხელი სასაზღვრო ხელშეკრულებას და ა.შ. დაანებონ იმაზე ფიქრს თავი, რომ იმაზე მეტი მიიღონ, რაც უკვე აქვთ. უკვე არსებობს გააზრება იმისა, რომ შეიძლება მიიღონ იმაზე ნაკლები, ვიდრე აქვთ. მათ ჰქონდათ იმედი, რომ მიიღებდნენ იმაზე მეტს, ვიდრე აქვთ. ახლა დადგა საკითხი, ჩვენი არასწორი პოლიტიკით ხომ არ  მივიღებთ იმაზე ნაკლებს, ვიდრე გვაქვს. ეს სიტუაციაა დღეს სომხეთში. პაშინიანი უკვე ჩამოყალიბდა დღევანდელი დღის პოლიტიკოსად და მას ესმის დღევანდელი სომხეთის გამოწვევები. ამ წუთში არ მეგულება სომხეთში სხვა პოლიტიკოსი, მასზე უფრო ადეკვატური. რა თქმა უნდა, სჯობდა მას ჰქონოდა უფრო მეტი გამოცდილება, განათლება, თავის დროზე ნაკლებად ყოფილიყო იდეალისტურ კონცეფციაში ჩაფლული, მაგრამ დღეს ის რეალისტი პოლიტიკოსია და ის ხვდება, რა სახელმწიფო შერჩა ხელში და თუ სწორად მოიქცევა, გავა წლები და ის დარჩება ისტორიაში, როგორც ადამიანი, რომელმაც კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

- რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ეს დაძაბულობა? ნიშნავს თუ არა აზერბაიჯანის მიერ ევროპისთვის გაზმომარაგების გაორმაგებაზე მიღწეული შეთანხმება, დასავლეთის სიჩუმის მოპოვებას?

აზერბაიჯანი ძალიან გონივრულად იქცევა. ჩანს, რომ თურქეთთან მუდმივ კონსულტაციებშია. სიტუაცია თავის სასარგებლოდ კარგად გამოიყენა. ეს არის რეალური პოლიტიკა, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს საერთაშორისო სამართალთან. საერთაშორისო სამართალს დღეს სძინავს. გაერო არ არსებობს, ეუთო არ არსებობს. საერთაშორისო სამართალი არსებობს მაშინ, როცა სამართლის მონაწილე მხარეები აღიარებენ მის უპირატესობას. როგორც კი რუსეთმა დაარღვია და ფეხქვეშ გათელა, მორჩა. ის არ მუშაობს, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ამას აკეთებს. ამ ფონზე ჩვენს თვალწინ ხორციელდება რეალური პოლიტიკა, რაც იყო პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში. ახლა არ გადაიზრდება არაფერში, მაგრამ ყოველი სახელმწიფო, რომელსაც აქვს რესურსი თავისი გაიტანოს, მას დღეს ის გააქვს. აზერბაიჯანი მიხვდა, რომ ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და თუ რეალურ პოლიტიკაში ვართ, მაშინ ეს ბუნებრივია. არაბუნებრივი იქნებოდა, ეს არ გამოეყენებინათ და დალოდებოდა საერთაშორისო სამართალი როდის გაიღვიძებდა. ამიტომ, მე ფიქრობ, აზერბაიჯანი სწორედ აქედან გამომდინარე მოქმედებს. ყველაფერს ითვალისწინებს და თავის პოზიციებს აფიქსირებს. გასდით ეს, იმიტომ რომ სხვებს არ სცალიათ ახლა. ეს არის აბსოლუტურად რეალური პოლიტიკიდან გამომდინარე და გასაგები. არა გასამართლებელი, მაგრამ ახსნადი. შეიძლება ახსნა, რატომ მოქმედებს აზერბაიჯანი ახლა ასე, იმიტომ, რომ სხვა პატრონი არა ჰყავს და სხვა რეალობა არ არის. ის აკეთებს იმას, რასაც თვლის საჭიროდ, იყენებს სიტუაციას.

- რა როლი აქვს, უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ პროცესებსა და პერიოდში?

უფრო კრიტიკული სიტუაციები მოხდა ჩვენს გარშემო და მაშინ ისეთი სქელკანიანი აღმოჩნდა „ქართული ოცნება“, ისიც ვერ იგრძნო. რაც მოხდა მაშინ მთიან ყარაბაღში და ახლა რაც ხდება უკრაინაში. გუშინდელი მოვლენები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ეპიზოდებია იმიტომ, რომ სუვერენულ სახელმწიფოს ეხება. მიუხედავად ამისა, შედარებით მცირე ეპიზოდებია, ახლა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს.

„ქართული ოცნება“ არის აბსოლუტურად ღრმა ძილში კი არა და ჩასაფრებულია სიბნელეში, თავის ჩრდილს არის ამოფარებული და აკვირდება, როგორ გამოძვრეს სიტუაციიდან. არ იცის სიტუაცია რომელ მხარეს გადაიხრება და ეშინია იმ მხარეს არ გადაიხაროს, სადაც წაგებული მხარე აღმოჩნდება.

მე ვფიქრობ, საქართველო ახლა მაინც, მკაფიოდ და ცალსახად უნდა გავიდეს თურქეთზე. თურქეთში ელჩად უნდა გვყავდეს ძალიან ძლიერი, მაღალი კლასის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იმუშავებს ანკარაზე. რას ფიქრობს ანკარა საქართველოზე, ვხედავთ თუ არა ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებს თურქეთში რუსეთთან დამოკიდებულებაში. რომ გაიძახიან  პატრონი არა გვყვავს, მარტო ვართ დედამიწის ზურგზე და აბა, ომი გინდათო? აგერ, ნატოს წევრი თურქეთია ჩვენი მეზობელი. წარმოდგენა არა გვაქვს, თურქეთი როგორ უყურებს საქართველოს.

საქართველო ერთადერთი სტრატეგიული სახელმწიფოა, რომელიც შავ ზღვაზეცაა როგორც თურქეთი და კავკასიაშიცაა. აზერბაიჯანი შავ ზღვაზე არაა და უკრაინა კავკასიაში არაა. ჩვენ უნიკალური ვართ, ჩვენ უკრაინაც ვართ და აზერბაიჯანიც ერთდროულად. არ გვაქვს არავითარი ინტერესები დიდი თურქმენეთის მიმართულებით, რომელიც არის ცენტრალურ აზიაში. თურქეთს თავისი ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს ცენტრალურ აზიაში და ერთადერთი დერეფანი საქართველოა. საერთოდ არ ვიყენებთ ამ გეოპოლიტიკურ საჩუქრებს. კავკასიონის ქედი, შავი ზღვა, ყველაფერი ეს უნიკალური გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინსტრუმენტები, ცხოვრებაში არ გამოგვიყენებია. სხვები, იმპერიები იყენებდნენ და ჩვენ არ დაგვიდგა დრო, გამოვიყენოთ ჩვენი სიმდიდრეები, როგორიც არის კავკასიონი და შავი ზღვა. საჭიროა ამაზე მუშაობა. არ ვაკეთებთ არაფერს. აბა ომი გინდათ? ეს არის პასუხი. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ არც გეოპოლიტიკაზე და არც საერთოდ რა ხდება დედამიწაზე.

 

იხილეთ ინტერვიუ სომხურ ენაზე

აზერბაიჯანულ ენაზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).