აზერბაიჯანმა სომხეთს 2023 წლის 19-20 სექტემბერს ყარაბაღში დაღუპული 173 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მძევლად მყოფი მოქალაქეების საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომისიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთს 1713 ცხედარი გადასცეს, ხოლო 2022 წლის 12-14 სექტემბერს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ - 157.
სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით, ყარაბაღის პირველ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აზერბაიჯანის 3890 მოქალაქე მიიჩნევა, 2024 წლის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია მხოლოდ 25 ნეშტი.
„სახელმწიფო კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა აზერბაიჯანის დაკარგული მოქალაქეების სამარხების ძიების პროცესში ჩაერთნენ საველე მეთაურები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სომხეთის სამხედრო ოპერაციებს 1994 წლამდე და სხვა უფლებამოსილი პირები, რომლებსაც აქვთ საკმარისი ინფორმაცია მასობრივი სამარხების მდებარეობის შესახებ. სახელმწიფო კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან ორივე მხარის უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის მიმართულებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული დავა 1980-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს. 1991 წელს, ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა რეგიონმა, სომხეთის მხარდაჭერით, „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადა. „რესპუბლიკა“ არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის, სომხეთმაც არ აღიარა. 1988-1994 წლებში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რეგიონში 30 000 ადამიანი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღი და რამდენიმე მიმდებარე რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების დე ფაქტო კონტროლის ქვეშ დარჩა. 2020 წლის შემოდგომაზე, რეგიონში ვითარება დაიძაბა და საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. ექვსკვირიანი ომი, რომელმაც ორივე მხარის 6500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რუსეთის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. შედეგად, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი მოიპოვა. 2022 წლის 13-14 სექტემბერს, სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრისას, 300-მდე ჯარისკაცი (დაახლოებით 200 სომეხი და 80 აზერბაიჯანელი) დაიღუპა. მხარეები შეტაკების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 2022 წლის ბოლოდან აზერბაიჯანმა ყარაბაღის ბლოკადა დაიწყო, 2023 წლის 19 სექტემბერს კი „ანტიტერორისტული ოპერაცია“ ჩაატარა, რაც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ კაპიტულაციით დასრულდა. აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილად გამოაცხადა. ათობით ათასმა ეთნიკურად სომეხმა ყარაბაღი დატოვა და სომხეთში გადავიდა.