2020 წლის ივლისში გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო, კანონი ითვალისწინებდა მის გათავისუფლებას. ნასამართლევი არ ყოფილა, სამი შვილი ჰყავს. ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. პირობითი შეეფარდა, პატიმრობა აუცილებელი არ იყო“, - ამბობს შუბითიძის ადვოკატი.
აპრილში სერგო შუბითიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ეჭვობს, რომ საქმე გაყალბდა. ამ ვარაუდის დამადასტურებელ ერთ-ერთ გარემოებად ის თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ასახელებდა, რომელიც, მისივე თქმით, გამომძიებელმა ელგუჯა აპუაშვილმა სამუშაო ოთახში, დაულუქავ მდგომარეობაში მიუტანა. სერგო შუბითიძის თქმით, ტელეფონი გარდაცვლილი ქალის ავტომობილიდან ამოღების შემდეგ, სავარაუდოდ, ჩართეს და მასში 18 ივლისამდე არსებული ინფორმაცია წაშალეს. ელგუჯა აპუაშვილმა, რომელიც დღემდე თეთრიწყაროს პოლიციაში მუშაობს, „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ „საქმიდან დიდი ხანია გასული“ და შუბითიძისთვის დაულუქავი ტელეფონის მიტანის ფაქტი არ ახსოვს.
ინტერვიუს მიცემის შემდეგ სერგო შუბითიძემ პატაკი დაწერა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის თანამდებობა დატოვა. ის მალევე დააკავეს. პროკურატურამ ის ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა. დაპატიმრების შემდეგ შუბითიძემ ბრალი აღიარა.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მისივე ავტომობილში იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით დაიწყო, თუმცა ხუთ თვეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით შეწყდა. გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა. ოჯახი და ადვოკატები თვითმკვლელობის ვერსიას თავიდანვე უარყოფდნენ, ვარაუდობდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სხვა ადგილზე მოკლეს და ავტომობილი მაწევანის ტერიტორიაზე მოგვიანებით გადაიტანეს. ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სერგო შუბითიძის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია ხელახალი გამოძიების საფუძველი იყო.
