ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოიტანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ბადრი ესებუა, რომელსაც ბრალად ტერორისტული აქტის ჩადენა, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდება, იძულება, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, აცხადებს, რომ უდანაშაულოა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ის ამტკიცებდა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ბანკზე თავდასხმის დღეს, სოფელი ჯიხაშკარი არ დაუტოვებია.
„21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი-ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. ქალაქში ვაპირებდი გასვლას, ჩავიცვი ტანსაცმელი, გავედი სახლიდან, გაჩერებაზე ველოდებოდი სამარშუტო ტაქსს, რომელმაც არ გამოიარა. გავიდა ნახევარ საათზე მეტი. ამ დროს მეზობელმა გამოიარა, სასაფლაოზე მიდიოდა და მეც გავყევი. დაახლოებით ორი საათი ვიყავით. ორივე დავბრუნდით სახლებში“, - თქვა ესებუამ.
ბრალდებულმა შეკითხვაზე, ვინ იყო მეზობელი, რომელსაც სასაფლაოზე გაჰყვა, განაცხადა, რომ ის ადამიანი 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ესებუამ მისი ვინაობა არ გაამხილა.
ესებუამ მიმალვის მიზეზად მეგობარი პოლიციელისგან მიწოდებული ინფორმაცია დაასახელა: „ეს ამბავი გავიგე 23 ოქტომბერს. მეგობარმა მითხრა, რომელიც პოლიციელია, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა და თქვაო, რომ 70-80% ვიცი, ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. ფრთხილად იყავიო. ჩემი თანასოფლელი, ვინც პოლიციელების ინფორმატორია, ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო“. ესებუამ არც „მეგობარი პოლიციელის“ სახელი და გვარი თქვა.
ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ის იყო ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი, რომელიც 2020 წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა. როგორც მძევლები ჰყვებიან, ესებუამ ისინი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და ფულთან ერთად გაუჩინარდა.
2020 წლის 12 დეკემბერს, პოლიციელებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არსებობდა ვარაუდი, რომ მას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა. როგორც შსს-ში აცხადებდნენ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს. ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით გაასამართლეს. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.
თავად ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში დააკავეს, რის შემდეგაც პროკურატურამ მას კიდევ ერთი ბრალი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. სასამართლომ ესებუა ამ ეპიზოდშიც დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.