გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ უფლება მიეცა, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტი განახორციელოს, რაც ზღვაში 12.5 ჰექტარი ტერიტორიის ლოდებით ამოვსებას და დამცავი კედლის მოწყობას გულისხმობს. ნაპირსამაგრი სამუშაოები 14 თვეში უნდა დასრულდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სწორედ ამ ტერიტორიაზე გეგმავს გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2021 წლის 20 სექტემბერს განაცხადა. მან თქვა, რომ ეს იქნება დუბაის პალმის კუნძულების მსგავსი პროექტი: „რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და ჩვენ უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“.
პროექტის განსახორციელებლად, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება 2021 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა.
საქართველოს მთავრობამ კომპანიას ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და 65 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცა.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, ინვესტორმა 48 თვის ვადაში უნდა მოიპოვოს გადაცემულ ტერიტორიაზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის პროექტის ნებართვები; 78 თვეში 12 ჰექტარ ტერიტორიაზე პირველი ნახევარკუნძულის მოწყობა უნდა დაასრულოს, 102 თვეში კი არანაკლებ 15 ჰექტარზე მეორე ნახევარკუნძული შექმნას; 132 თვის ვადაში, ინვესტორმა ასევე უნდა შექმნას არანაკლებ 5 ჰექტარი ფართობის კუნძული; ნახევარკუნძულებზე უნდა მოეწყოს არანაკლებ 500 ნომრიანი სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები, ზღვისპირა ბულვარი, საზოგადოებრივი პლაჟები, აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტიციის რაოდენობა 100 მილიონი დოლარია.
2022 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ ბათუმში, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის პროექტს განსაკუთრებული ობიექტის სტატუსი მიანიჭა.
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“ 2021 წლის 14 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილის 82 %-ის მესაკუთრე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში დაფუძნებული შპს Property Assets Investment-ია, წილის 18 %-ს კი შპს „ბათუმი აილენდ“ ფლობს, რომლის 100 %-იანი წილიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქობის მქონე ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის. „ამბასადორი ჯგუფის“ მესაკუთრე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ელგუჯა ქებურიას ოჯახია.
„ამბასადორი ჯგუფს“ ეკუთვნის სასტუმრო-დასასვენებელი კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთი“, სასტუმრო კომპლექსი „თბილისი ამბასადორი“. ქებურიები სასტუმროს აშენებენ ბათუმის ბულვარში, რომელიც თავდაპირველად ოთხსართულიანი უნდა ყოფილიყო. ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და სპეციალისტებს დაუშვებლად მიაჩნიათ ბულვარში, პროექტის შეცვლის შედეგად 16 სართულიანი შენობის მშენებლობა, რომელსაც ისე, რომ საბოლოოდ შეთანხმებული პროექტი არ ითვალისწინებდა, მე-17 სართულიც დააშენეს. ამავე ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაა გოდერძის უღელტეხილზე ახალაშენებული სასტუმრო კომპლექსი „ამბასადორი გოდერძი“ და რამდენიმე რესტორანი რუსეთსა და პარიზში.