„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავა წააგო. ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება წელიწადნახევარი მიმდინარეობდა და საქმე დაიხურა. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა ივ ბერტოსამ მხარეებს შეატყობინა, რომ გამოძიებამ პატრის ლესკადრონის ან Credit Suisse-ში რომელიმე მესამე მხარის მიერ „ფულის გათეთრების რაიმე აქტის“ დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იპოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
როგორც Bloomberg-ი წერს, ეს საუკეთესო შედეგია შვეიცარიული საბანკო გიგანტ UBS-სთვის, რომელმაც Credit Suisse-ი 2023 წლის მარტში შეიძინა და მემკვიდრეობით არაერთი სამართლებრივი დავაც ერგო.
ბიძინა ივანიშვილი საქმის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი წარმომადგენლის განცხადებით, პროკურორი ბერტოსა „ირწმუნება, რომ ეს დანაშაულები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ სამართალდარღვევების კონტექსტში“, რისთვისაც ლესკადრონი იყო დამნაშავედ ცნობილი „და არა ფულის გათეთრების პრიზმიდან“.
„ჩვენ მკაცრად არ ვეთანხმებით მსჯელობას, რომელიც იგნორირებას უკეთებს მტკიცებულებებს, რომლებიც აჩვენებენ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მზაობას დამალოს და გაათეთროს მისი თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავალი“, - განუცხადა Bloomberg-ს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა.
UBS-მა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილის დავა სხვადასხვა სასამართლოში წლებია გრძელდება. როგორც Bloomberg-ი წერს, საბანკო მრჩეველი პატრის ლესკადრონი აყალბებდა ხელმოწერებსა და კლიენტის ანგარიშის ამონაწერებსაც კი, რათა უკანონოდ გადაერიცხა მილიონები უმსხვილესი კლიენტის, ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებიდან სხვა კლიენტების პორტფელებში ზარალის ასანაზღაურებლად. მისი ქმედებების შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა, 2018 წელს კი ფულის გათეთრებასა და დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. 2019 წელს ის პატიმრობიდან გათავისუფლდა, 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შვეიცარიული ბანკი აცხადებდა, რომ ლესკადრონი მარტო მოქმედებდა და თაღლითობას კოლეგებისგან მალავდა.
2022 წლის მარტში, ივანიშვილმა Credit Suisse-სთან 607 მილიონ დოლარიანი დავა მოიგო ბერმუდის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ ბანკმა ლესკადრონის თაღლითობა უგულებელყო. 2023 წლის მაისში სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ბანკმა კლიენტის აქტივების დაცვის ვალდებულება არ შეასრულა. ამასთან, განიმარტა, რომ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხის საბოლოო ოდენობა შემცირდებოდა, რათა არ მომხდარიყო ბერმუდის გადაწყვეტილების დუბლირება და ე.წ. ორმაგი ანაზღაურება. Credit Suisse-ი სასამართლოების გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სინგაპურის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ში 2005 წელს 1.1 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა განთავსებული. ქართველი მილიარდერი დაობდა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა მისი აქტივები არ დაიცვა, რის გამოც ზიანი მიადგა.