აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2004-2012 წლამდე პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, ხოლო 2012 წლის შემდეგ „უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო მიიტაცა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დოკუმენტი სახელწოდებით - „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელო - შესაძლებლობათა ფანჯრების გამოყენება კლეპტოკრატიის აღმოსაფხვრელად“ 8 სექტემბერს გამოქვეყნდა. USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი ამბობს, რომ სახელმძღვანელო ქვეყნებს დაეხმარება განახორციელონ რთული გადასვლა კლეპტოკრატიიდან დემოკრატიაზე - რეფორმატორებს მისცემს რჩევებს, როგორ აღმოფხვრან ღრმად ფესვგადგმული კორუფცია, მიიღონ რადიკალური ზომები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობისთვის, ასევე, როგორ შექმნან ახალი ანტიკორუფციული სტრუქტურები.
დოკუმენტში მოყვანილია მაგალითები საქართველოდანაც და აღნიშნულია, რომ USAID-ის მისიები ღრმად იყვნენ ჩართული ქვეყანაში რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში 2004-2012 წლებში.
USAID-ის სახელმძღვანელოს მიხედვით, 2004-დან 2012 წლამდე საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის მნიშვნელოვანი რეფორმები - ბიუროკრატიის შემცირებიდან და სახელმწიფო დაწესებულებების ოპტიმიზაციიდან დაწყებული, საგადასახადო კოდექსის გადახედვითა და სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებით დამთავრებული, რამაც დრამატულად შეამცირა მექრთამეობა.
„2004 წელს, „ვარდების რევოლუციიდან“ სულ რამდენიმე თვეში, ახალი მთავრობა უკვე ატარებდა აღმასრულებელი შტოს რეორგანიზაციას, იღებდა კანონმდებლობას, აკავებდა კორუმპირებულ ყოფილ ჩინოვნიკებს და კონფისკაციას უკეთებდა უკანონოდ მითვისებულ ქონებას. ეს იყო მასშტაბური კამპანია, რომელმაც 2005 წლისთვის მექრთამეობა 80 %-ით შეამცირა. ასეთი ადრეული გამარჯვებები ხელს უწყობენ ნდობის მოპოვებას და აჩენენ ბიძგს, თუმცა ისინი არ იქცა „სასიკეთო წრედ“, რომელიც ძლიერია უკუსვლის წინაშე, ვიდრე მოსახლეობა არ აჩვენებს თავის ნებას დაუბრუნდეს ქუჩებს და საარჩევნო ყუთებს - როგორც ეს მოხდა რუმინეთში 2017-2020 წლებში, საკუთარი ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დასაცავად“, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ და შემდეგ უკვე უკრაინამ ნულიდან შექმნეს საპატრულო პოლიცია:
„მაგალითად, საქართველოს „ვარდების რევოლუციიდან“ ერთ წელში მექრთამეობის 80%-ით შემცირება გამოიწვია ქუჩის პოლიციის რეფორმირებამ, სადაც კორუფციის გაწმენდას თან ახლდა ხელფასების ათჯერ გაზრდა. 2014 წლის ბოლოს, უკრაინის ახალ რეფორმისტ მთავრობას სჭირდებოდა სწრაფი და შესამჩნევი რეფორმები. შესაბამისად, უკრაინამ მოქალაქეობა მიანიჭა და დაიქირავა მთავარი ქართველი თანამდებობის პირები, რომლებმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ წარმატებული რეფორმა განახორციელეს საქართველოს პოლიციაში. კიევმა ქართველებს უფლება მისცა ანალოგიურად გარდაექმნათ უკრაინის საპოლიციო სისტემა“.
USAID-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დეკლეპტოკრატიზაცია თაობათა პროექტია და მცდარმა წარმოდგენამ, რომ მისია უკვე შესრულებულია, შესაძლოა გამოიწვიოს უკანსვლის და კლეპტოკრატიის დაბრუნების რისკები: „ეს მაშინაც კი შეიძლება მოხდეს, როცა შესაძლებლობათა ფანჯარა 8 წელი ღიაა, მაგალითად, როგორც ეს საქართველომ აჩვენა 2012 წლის შემდეგ“.
USAID-ი აღნიშნავს, რომ მათი პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სართაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელიც საქართველოში შესაძლებლობების ფანჯრის დახურვას აანალიზებს:
„მაშინ, როდესაც ბოლო ათწლეულში ნათელი გახდა, რომ უმდიდრესმა ოლიგარქმა საქართველოში სახელმწიფო მიიტაცა, მათ კვლევებში შესწავლილი იყო კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში“.
დოკუმენტის თანახმად, ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნებში შესაძლებლობათა ფანჯრების დასახურად იყენებს, ოპოზიციური პარტიების ფარული დაფინანსება და არჩევნებში ჩარევაა.
„2014 წლამდე სამიზნეები ძირითადად პოსტ-საბჭოთა ბლოკის ქვეყნებით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, უკრაინის ნარინჯისფერი და საქართველოს ვარდების რევოლუცია დასრულდა მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტები გახდნენ და ხელახლა გააჩინეს კლეპტოკრატია ამ ორ ქვეყანაში“.
USAID-ი აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც შესაძლებლობების ფანჯრები იხურება, პოლიტიკური ანალიზით შესაძლებელია გაგება, როგორ და რატომ იბრუნებენ ძალას რეფორმის მოწინააღმდეგე ელემენტები.
„შეფასებებმა აშშ-ის მთავრობას უნდა მისცეს ინფორმაცია, რა შეიძლება იყოს სასარგებლო რეფორმების შედეგების დასაცავად და რეჟიმებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ასეთი ინსტრუმენტები, შესაძლოა, მოიცავდეს მზარდი კორუფციული მთავრობებისთვის დახმარების გაყინვას, სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სანქციებს მაღალი დონის კორუმპირებული თანამდებობის პირებისთვის“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
კლეპტოკრატია, რომლის აღმოფხვრასაც აღნიშნული სახელმძღვანელო ეხება, ნიშნავს მთავრობაში ისეთი თანამდებობის პირების ყოფნას, რომლებიც პოლიტიკურ ძალაუფლებას თავიანთი ერის სიმდიდრის მისათვისებლად იყენებენ.