„ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტი რუსეთის ფედერაციის საკუთრება ხდება. აფხაზეთს მხოლოდ მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. კომპლექსში შემავალი ყველა სხვა ობიექტი „ინვესტორებმა“ და რუსეთის ფედერაციამ ერთმანეთში გაინაწილეს“, - ამ ინფორმაციას აფხაზური ონლაინგამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მანამდე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა სოხუმის აეროპორტში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის ვიზიტის დროს გადაღებული ფოტო, რომლის მიხედვითაც, „რუსეთის ფედერაციის ობიექტებად“ არის მითითებული ხელოვნური ასაფრენი ბილიკი, საკონტროლო კოშკი და საგუშაგო. ამავე ფოტოს თანახმად, საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობა, სადგურის წინა მოედანი და ბენზინგასამართი პუნქტი „საინვესტიციო ობიექტებს“ მიეკუთვნება, ხოლო „აფხაზეთის რესპუბლიკის ობიექტებად“ მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება.
ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, აეროდრომის კომპლექსის ობიექტები დაყოფილია დაგეგმილი სამუშაოს დაფინანსების წყაროს შესაბამის კატეგორიებად, პროექტის რეალიზაციის მთავარი პირობა კი „აფხაზეთის რესპუბლიკის ქონების შენარჩუნებაა“. არსებული გეგმით, სოხუმის აეროპორტმა მუშაობა 2024 წლიდან უნდა დაიწყოს.
აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის პროექტს რუსული სამრეწველო ჯგუფი Базовый элемент-ი დააფინანსებს, რომელიც რუს ოლიგარქს და ალუმინის მაგნატს, ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის.
54 წლის დერიპასკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე რუსი მილიარდერია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირებულ პირთა სიაში ჰყავს შეყვანილი. დერიპასკა სანქციებში 2018 წელს მოჰყვა, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის შემდეგ. დერიპასკამ სანქციები სასამართლოში გააპროტესტა, თუმცა უშედეგოდ.
სოხუმის აეროპორტი, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, 1993 წელს სამხედრო მოქმედებების გამო დაიკეტა და იქ ფრენები არ ხორციელდება. 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს პირველად განახორციელეს დაშვება რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა. 2008 წლის 14 სექტემებრს აეროპორტში დაჯდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო თვითმფრინავი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება წლებია საუბრობს მის აღდგენაზე. 2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა დადგენილებაც მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“ საერთაშორისო ფრენებისათვის უნდა გაიხსნას.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით, აფხაზეთი და მის ზემოთ არსებული საჰაერო სივრცე ოკუპირებული ტერიტორიაა და შესაბამისად, მასზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. სოხუმის აეროპორტს 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გაუქმებული აქვს.