„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებით, ასლან ბჟანიას, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლიდან ეკავა და ორიოდე დღის წინ, საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა, ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩაჰყავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 4 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 5 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 6 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
„ჩვენ ვაცნობიერებთ ქართული ოლიგარქიის ჩვენთან შემოღწევის საფრთხეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონ ბჟანიას ფარულად ჩამოჰყავდა ზოგიერთი ქართველი დეპუტატი აფხაზეთში და, ჩვენი ინფორმაციით, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
მას ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობს, თბილისთან შერიგებაზე, საიდანაც ბოლო დროს ასეთი სიგნალები ისმის.
„სიგნალები კარგია და მისასალმებელი, მაგრამ საქმეს უნდა შევხედოთ. გვახსოვს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შერიგების შესაძლებლობაზე საუბრობდა სამხრეთ ოსეთში პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობამდე რამდენიმე თვით ადრე.
„ქართული ოცნება“ საკმაოდ დიდი ხანია, 2012 წლიდან არის ხელისუფლებაში, მაგრამ რეალური ნაბიჯები ურთიერთობების ფუნდამენტურად დარეგულირებისკენ არ გადადგმულა.
არსებობს ეგრეთ წოდებული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც სერიოზულ სირთულეებს უქმნის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებს, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ, მაგალითად, ამ კანონის გაუქმებით.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, ამ მხრივ ყოჩაღები არიან, მაგრამ უახლესი ისტორია მოწმობს, რომ მის ხელმძღვანელობას შეუძლია საკმაოდ დრამატული პოლიტიკური მანევრების განხორციელება. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც კი თბილისის ოფიციალური კურსი, რომელიც ასევე ჯერ კიდევ საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, არის კურსი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
ჩვენ, ჩვენი ხალხები, საქართველო და აფხაზეთი ასობით წელია მეზობლები ვართ, დამიჯერეთ, ვიცით რაზეც ვსაუბრობთ. ამასთან, ჩვენი პოზიცია ნათელია - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნებისმიერი ნაბიჯი შერიგებისა და ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ უნდა დაიწყოს ამ მარტივი ნაბიჯით - ისტორიული და ფაქტობრივი რეალობის აღიარებით“, - აღნიშნა აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა.
ადგურ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო ვიცი-პრეზიდენტი და ეკონომიკის მინისტრია. 2020 წელს ის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებშიც იყრიდან კენჭს და ასლან ბჟანიას მთავარი კონკურენტი იყო. არ არის გამორიცხული არძინბამ მონაწილეობა მიიღოს ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ბჟანიას გადადგომის გამო, უახლოეს თვეებში ჩატარდება.