„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც წინა ხელისუფლების საქმიანობას სწავლობს, „სტალინურ სასამართლოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
„არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას. ის, რომ ეს „პარლამენტი“ არალეგიტიმურია, იცის ყველამ შინ და გარეთ და ეს არ არის მთავარი არგუმენტი. არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ მცდელობის მიზანი არაა უბრალოდ რეჟიმის განმტკიცება ანდა ევროპული მომავლის ჩახერგვა. თუ რეჟიმი შენარჩუნდა, საქართველოს დესუვერენიზაცია (სამწუხაროდ, უკვე მომხდარია) და ტერიტორიული მთლიანობის დე იურე რღვევა გარდაუვალია“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია“ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-13 წელს შექმნა და გეგმავს, მომზადებული დასკვნა პროკურატურას წარუდგინოს „დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.
„ქართული ოცნების“ კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი აირჩიეს, ხოლო მდივნად - სოზარ სუბარი.
კომისიის მომდევნო, 21 თებერვლის სხდომაზე კომისია ზურაბ ჭიაბერაშვილის, ნათია მოგელაძისა და ლევან გაჩეჩილაძის მოსმენას გეგმავს.
„გვინდა, რომ პარასკევის სხდომა 2003-2012 წლების არჩევნებს მივუძღვნათ, რადგან კომისია თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს დასკვნაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი სწორედ არჩევნების საკითხს დაეთმოს. 2004 წელს, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ცესკომ ისე შეაჯამა არჩევნები, რომ ორ საარჩევნო ოლქში არჩევნების ჩატარება საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ - ეს არის ხულო და ქობულეთი, 60 ათასი ამომრჩეველი ხმის უფლების გარეშე დატოვეს. ეს 2004 წლის მარტ-აპრილში მოხდა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა არჩევნების შედეგები მაინც შეაჯამა. წარმოგიდგენიათ, ეს რომ 2024 წელს მომხდარიყო, რა ვითარება იქნებოდა? ამიტომ გვაინტერესებს, როგორ მოვიდა რეჟიმი ხელისუფლების სათავეში“, - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „როცა კომისია გიბარებს, მის წინაშე უნდა გამოცხადდე“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „კანონი მკაცრია“.
„ამაზე მეტს არ ვამბობ, რათა ვინმემ ეს მუქარად არ გააფორმოს, მაგრამ საკმარისზე მეტს ვამბობ, რომ ყველა დაფიქრდეს და ითანამშრომლოს. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ ეთამაშება“, - უთხრა წულუკიანმა მედიას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, 350-ე მუხლით კი დასჯადია კომისიისათვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა.
