„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადად, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად მიიჩნევიან.
„ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება, 4 და 4.5, ალბათ, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე. გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში.
იცით, რომ მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა და ჩვენთვის, ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, რა თქმა უნდა, იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც, ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. ჩემი შეხვედრიდან პრემიერთან, დაახლოებით, 2-3 დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. ჩვენ გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერს არ უთქვამს, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გამარტივდება თუ არა ჩინეთში ჩასვლის წესი.
ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 29 ივლისს შეხვდა. მათ ერთად განაცხადეს, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს.
სტრატეგიული პარტნიორობა ოთხი კომპონენტისგან შედგება - პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორის და კულტურული ურთიერთობისა და საერთაშორისო განზომილება.
2022 წლისთვის ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორია 736.8 მლნ აშშ დოლარით. ამავე პერიოდში, უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებს შორის ჩინეთი მესამე ადგილზეა (1 126.0 მლნ. აშშ დოლარი). საქართველოში ყველაზე მსხვილ პროექტებს, განსაკუთრებით საავტომობილო გზების, რკინიგზისა და გვირაბების მშენებლობის კუთხით, ჩინური კომპანიები ახორციელებენ.
სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერია, რომელიც სახალხო რესპუბლიკას 2013 წლიდან მართავს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ბოლო ანგარიშში წერს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმი სულ უფრო რეპრესიული გახდა - ჩინეთის სამოქალაქო საზოგადოება დიდწილად განადგურებულია განსხვავებული პოლიტიკური აზრის, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად.
ჩინეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდული მედია გარემოა. დაბლოკილია ათასობით ვებსაიტი, მათ შორის, New York Times-ისა და BBC-ის, ასევე, სოციალური ქსელები YouTube, Twitter და Facebook. საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, 2022 წელს ჩინეთში 43 ჟურნალისტი დააპატიმრეს.