ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ სამგზავრო რეისებს კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანია შეასრულებს. სახელმწიფო კომპანია Air China ფრენების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან თბილისსა და ურუმჩის შორის, კვირაში სამი სიხშირით განიხილავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 48 304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32 853 ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2023 წელთან შედარებით 159.5% შეადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს. ქვრივიშვილის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ ორმხრივ მოლაპარაკებებს დამატებით სტიმული მისცა.
„ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები, ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ და გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით. პირდაპირი ფრენების სიხშირეთა ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აგრეთვე ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს მისცემს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
Air China ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა. დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines-ი ასრულებს და მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის 19 991 მგზავრი გადაიყვანა. ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველდღიურად ხორციელდება.
2023 წლის ზაფხულში, მაშნდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა დამყარდა. 2024 წლის 29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიულ პროექტში კერძო ინვესტორი ჩინური კონსორციუმი იქნება, რომელშიც China Communications Construction Company Limited (CCCC) შედის. CCCC-ს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, სტრატეგიულ პროექტში 49%-იანი წილი ექნება. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანი განაცხადა, რომ CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. „ჩინეთის კომუნისტური პარტია არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს“, - თქვა აშშ-ის ელჩმა. ამერიკელი დიპლომატის ამ განცხადებას აბსურდი უწოდა საქართველოში ჩინეთის საელჩომ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა არ არის. „პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს“, - თქვა ივანიშვილმა 16 ივლისს, პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნაზე.