ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ დელეგაცია, ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც დეპუტატებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, საუბარი შეეხო ურთერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, ასევე, მინისტრის მოადგილეს. შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესოა საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ 2023 წელი ისტორიული წელი იყო ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში მან საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ახსენა.
„ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და ამას ემსახურება ვიზიტი. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება. მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის“, - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ეხებოდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ჩინეთის მმართველი პარტიისგან ურყევი მხარდაჭერის პირობა მიიღეს.
„ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი, რა თქმა უნდა, არის ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ამ თემაზე. დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩინეთის მხრიდან ურყევი მხარდაჭერის პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მათი მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებია, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარება - როგორც ყველაზე უფრო მოკლე მარშრუტისა ჩინეთიდან ევროპაში და ევროპიდან ჩინეთში ტვირთების გადაზიდვისას, სადაც საქართველო თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, საქართველოსა და ჩინეთის რესურსებში სხვაობის მიუხედავად, „თანამშრომლობის სტანდარტი, რომელიც თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, შენარჩუნებულია“. „საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში ამ შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციის წევრებმა მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოების მცდელობის გამო გააკრიტიკეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ „პოლიტიკურად დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით“ უკიდურესად საზიანოა საქართველოსთვის, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის.
პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ. „როდესაც გაფორმდა ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობების შესახებ შეთანხმება ღარიბაშვილის ხელმოწერით, აქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დეოკუპაციას, როცა მეორე მხრივ, საქართველომ თქვა, რომ ის მხარს უჭერს ერთიან ჩინეთს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.