შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ,17.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (19 მილიარდ დოლარზე მეტი) ოდენობის რუსული აქტივები დაბლოკა ან გაყინა. გაზეთი Sonntags Zeitung წერს, რომ ამ თანხიდან დაახლოებით 4 მილიარდი ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფ პირებს ეკუთვნით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 6 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
გამოცემის თანახმად, დარჩენილი 13.6 მილიარდი ფრანკის ნაწილი შესაძლოა ეკუთვნის სხვა იურისდიქციებში, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, სანქცირებულ ადამიანებს. მათ შორის, როგორც გაზეთი წერს, რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგია, რომელსაც Credit Suisse-ში ანგარიში აქვს, მაგრამ თანხის გატანა არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სანქციების სიაში არ არის. ამავე თანხის გარკვეული ნაწილი შესაძლოა რუსეთის ცენტრალური ბანკის ან რუსეთის სახელმწიფოს ფული იყოს, რომელიც არ არის სანქცირებული, მაგრამ დე ფაქტო გაყინულია.
გაზეთი აღნიშნავს, რომ შვეიცარიაში რუსული აქტივების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 46 მილიარდ ფრანკად არის შეფასებული. ამრიგად, ყველა აქტივის მესამედზე მეტი Credit Suisse-ის ანგარიშებზეა გაყინული. კიდევ ერთმა შვეიცარიულმა ბანკმა, UBS-მ დაახლოებით 7.5 მილიარდის რუსული აქტივი გაყინა.
Credit Suisse-ს ქართველი მილიარდერის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანხებიც აქვს დაბლოკილი. ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა MKD აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარ თანხებზე წვდომის პრობლემა 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეექმნა. MKD-ის ინფორმაციით, Credit Suisse-მა ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია გამოიყენა, რომელიც ევროპის საბჭოს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა და განაცხადა, რომ რეზოლუციის გამო, ბენეფიციარისთვის თანხების გადარიცხვის შესაძლებლობას მოკლებული იყო.
ზუსტი მონაცემები, თუ რა ღირებულების რუსული აქტივებია გაყინული ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღების შემდეგ, უცნობია. 2022 წლის 30 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსი ოლიგარქების კუთვნილი 19 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს. გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა, პარტინიორებთან ერთად, რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები დაბლოკა.
