ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია კომპანია „არემჯიმ“ (RMG), სოფელთან ახლოს, ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვება დაიწყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„არემჯი“ ღია კარიერული წესით, ბურღვა-აფეთქების მეთოდით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადოს 11.27 ჰექტარზე გეგმავს.
პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში დაახლოებით 55 აფეთქებაა დაგეგმილი (კვირაში ორჯერ), ხოლო საბურღი დანადგარები 200 საათის განმავლობაში იმუშავებს.
მუშევანის მცხოვრებლები შიშობენ, რომ აფეთქებები მათ სახლებს დააზიანებს.
კომპანიის სკოპინგის ანგარიშის თანახმად, კარიერიდან უახლოეს საცხოვრებელ პუნქტამდე (სოფ. მუშევანი) მანძილი დაახლოებით 800 მეტრია და არც მადნეულის სატრანსპორტო გზა გადის საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე. კომპანია მოსახლეობაზე უარყოფით ზემოქმედებას გამორიცხავს და გეგმავს, რომ სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აწარმოოს.
სკოპინგის ანგარიში გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ შეისწავლა. მათი შენიშვნების მიხედვით, კარიერის საპროექტო ტერიტორია 450 მეტრით არის დაშორებული სოფელ მუშევანის უახლოესი დასახლებული პუნქტიდან.
- „ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ხმაურისა და ვიბრაციის დონე, წარმოქმნის სიხშირე „არემჯის“ დოკუმენტში განსაზღვრული არ არის.
- კომპანიას დაგეგმილი აქვს ფუჭი ქანების სანაყარო და დაბინძურებული წყლების შემკრები გუბურები მოაწყოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც სოფლის ტრადიციულ სარგებლობაშია და მოსახლეობა საძოვრად იყენებს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამ ადგილს ვეღარ გამოიყენებს.
გარდა ამისა, საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო მიწები. კომპანიის ანგარიშში არაფერია ნათქვამი, რა სახის უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება იქონიოს წიაღის ღია კარიერულმა მოპოვებამ აღნიშნულ სავარგულებზე ნიადაგის დაბინძურების კუთხით და ასეთ შემთხვევაში რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ზემოქმედების შესამცირებლად.
- მუშევანი-2-ის საპროექტო კარიერის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია ქართული მუხის ტყეებით და ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე. არ არის წარმოდგენილი, რა რაოდენობის ხე-ტყის მოჭრა იგეგმება.
- პროექტში ნათქვამია, რომ ნიადაგის რეკულტივაცია დაიწყება 2031 წლის ზაფხულის პერიოდში და დასრულდება 2035 წელს. აღსანიშნავია, რომ საბადოზე მოპოვებითი სამუშაოების დაწყება 2023 წელსაა დაგეგმილი და გაგრძელდება ექვსი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ 2028-2029 წლამდე. გაურკვეველია, რატომ არ უნდა იქნას სარეკულტივაციო სამუშაოები დაწყებული მოპოვებითი სამუშაოების დასრულებისთანავე“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ.
„მწვანე ალტერნატივასთან“ ერთად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს კოლექტიური განცხადებით სოფელ მუშევანის მცხოვრებლებმაც მიმართეს და მოითხოვეს, გარემოს გაუარესების საფრთხის გამო, სააგენტომ არ გასცეს დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. წერილს ხელს 217 მოსახლე აწერს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „არემჯის“ დაავალა, 8 ოქტომბრამდე სააგენტოში წარადგინოს მუშევანში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის და მათთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ კი ის ამას მოახერხებს. ასევე, სააგენტოს 20 შენიშვნა აქვს კომპანია „არემჯის“ გზშ-ს ანგარიშზე და დაზუსტებულ ინფორმაციასაც ამ ვადაში ითხოვს. მანამდე, სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემაზე ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა.
„არემჯის“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიამ სოფლის განვითარების მემორანდუმი გააფორმა, უკვე მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. იმ ადგილობრივების თქმით, რომლებიც დღეს, მუშევანში გამართულ აქციაზე „არემჯის“ ემხრობოდნენ, კომპანია მათ დაჰპირდა, რომ კომპანია სოფელში წყლის, გაზის, გზის პრობლემებს გადაწყვეტს და სკოლასაც გაარემონტებს.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, მუშევანში 905 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ცენტრში დღეს 100-ზე მეტი ადგილობრივი შეიკრიბა. აქედან, კომპანიის მიერ დაგეგმილ საქმიანობას მხარს მხოლოდ 10-მდე ადამიანი უჭერდა.