საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი და ნინო იობაშვილი, რომლებმაც „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებას მხარი არ დაუჭირეს, დეპუტატის მანდატს ტოვებენ. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლებად ინიშნებიან, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ჩვენი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ იქნებოდა გარკვეული სახის საკადრო ცვლილებები. ჩვენი სამი კოლეგა, ღირსეული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა პოზიციაზე გააგრძელებენ ქვეყნისა და გუნდის სამსახურში ყოფნასა და მუშაობას. რაც მთავარია, ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ერთად განვაგრძობთ ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე ზრუნვასა და მუშაობას“, - ამბობს პარლამენტის წევრი იონათამიშვილი.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მიხედვით, პარლამენტში ვლადიმერ ჩაჩიბაიას, გიორგი ხელაშვილისა და ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლეები თორნიკე ჭეიშვილი, მერაბ ქვარაია და სალომე ქურასბედიანი იქნებიან.
თორნიკე ჭეიშვილი 2021 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მერაბ ქვარაია 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. სალომე ქურასბედიანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის აპარატის უფროსია.
„ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, 76 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ხელისუფლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოეთის გავლენის აგენტებად აცხადებდა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი კოვზანაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა, დავით სერგეენკომ, გიორგი ხელაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა და ქეთევან დუმბაძემ. კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ქეთევან დუმბაძემ და ირაკლი მეძმარიაშვილმა თქვეს, რომ მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მათი ხმა არასწორად აისახა. სხდომას არ ესწრებოდნენ ირაკლი კოვზანაძე, ელგუჯა გოცირიძე და ნინო იობაშვილი.
რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ბოდიში მოიხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, რომელმაც თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: „არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი“. მან ეს განცხადება მალევე წაშალა. სონღულაშვილი ახლა ამბობს, რომ მთავარია, საკუთარი პოზიცია გამოხატა და თუ რატომ აიღო პოსტი, „აღარ არის არსებითი“.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას ითხოვდა იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც რუსული კანონის მიღებას ხმა არ მისცეს. მალევე, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი და ეს მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო.
პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომაც, რომლის თქმითაც, ამ საკითხზე პარტიის მენეჯმენტის შეჯერებულ პოზიციას ელოდება.
მანდატზე უკვე თქვა უარი ირაკლი კოვზანაძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კოვზანაძის პარლამენტიდან გასვლა კანონპროექტს არანაირი ფორმით არ უკავშირდება. „მას კერძო სექტორში დაბრუნება სურს და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. სხვა გადაადგილებებს რაც შეეხება, რაიმე გადაადგილება თუ იქნება, ეს მხოლოდ გუნდის ფარგლებში“, - ამბობდა კობახიძე 21 მარტს.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღებაზე უარი რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების და უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ თქვა. 7-9 მარტს ხელისუფლებამ აქციები ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბია.