ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით მან უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კოვაზანაძის გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ რუსულ კანონზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბატონ ირაკლის რაც შეეხება, ის ამაზე თავადაც ისაუბრებს. ეს არ უკავშირდება ამ საკითხს (კანონპროექტს). მას დიდი ხანი ჰქონდა სურვილი, რომ თავის პროფესიას დაბრუნებოდა, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანი წარმატებულად მოღვაწეობდა. ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი. მე მქონდა მასთან საუბარი გასულ კვირას“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

ირაკლი კოვზანაძე სამი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2004-2008 წლებში ის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ პარტიული სიით გახდა, 2016 და 2020 წლებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.

ირაკლი კოვზანაძემ 7 მარტს მხარი არ დაუჭირა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კოვზანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა და არც რეგისტრაცია გაუვლია.

რუსული კანონის მიღებას მხარი ასევე არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნინო იობაშვილმა, დავით სერგეენკომ, გიორგი ხელაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა, ქეთევან დუმბაძემ. კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ქეთევან დუმბაძემ და ირაკლი მეძმარიაშვილმა თქვეს, რომ მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მათი ხმა არასწორად აისახა. სხდომას არ ესწრებოდნენ ელგუჯა გოცირიძე და ნინო იობაშვილი.

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას ითხოვს იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც რუსული კანონის მიღებას ხმა არ მისცეს.

„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

ტვ „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დავით სერგეენკომ პირდაპირ არ თქვა, ტოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს. მისი განცხადებით, პარტიის მენეჯმენტის შეჯერებულ პოზიციას ელოდება. სერგეენკომ განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს: „ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს ამის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ეს იყო ალბათ გადაწყვეტილების საფუძველი“.

11 მარტს, თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ბოდიში მოიხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, თუმცა პოსტი მალევე წაშალა.

„მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი. ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა. ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული“, - წერდა სონღულაშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

დღეს მოხსნეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ მინისტრად პარლამენტის წევრი გიორგი ამილახვარი წარადგინა.

მთავრობასა და პარლამენტში ცვლილებებს წინ უძღოდა, რუსული კანონის წინააღმდეგ, 7-8 მარტს თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციები, რომლებიც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და წიწაკის სპრეით დაარბია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.