კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი მამის გარდაცვალების საქმეზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
თურაზაშვილის მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნების წინ, 23 ოქტომბერს, თეონა ჯაფარიძემ მის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს, რომელიც პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი იყო საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა. დაახლოებით ერთ საათში კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
„ალექსანდრე თურაზაშვილი ახორიცელებდა საუბნო კომისიების დათვალიერებას, თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ამის თაობაზე თეონა ჯაფარიძეს უბნებიდან აცნობეს, მას ეს არ მოეწონა, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და მამას აქტიურობამ გააღიზიანა, დაურეკა მას და მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ მამამ მე დამირეკა, ძალიან აღელვებული იყო, მითხრა, რომ მიაყენეს შეურაცხყოფა. ზარიდან 46 წუთში დამირეკა დედამ და შემატყობინა, რომ მამა გარდაიცვალა.
გიორგი კალანდარიშვილისგან მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს თეონა ჯაფარიძე სამსახურიდან იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია, მან ვეღარ შეძლოს სხვა ადამიანების დაზიანება და ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა“, - განუცხადა თურაზაშვილმა ჟურნალისტებს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი შორენა ბუხრაშვილი ამბობს, რომ 23 ოქტომბერს ალექსანდრე თურაზაშვილმა მასაც დაურეკა და აცნობა, რა საუბარი შედგა მასსა და თეონა ჯაფარიძეს შორის.
„აღელვებული ბატონი ალექსანდრე ამბობდა, რომ მსგავსი შეურაცხყოფის ატანა, მით უფრო, როდესაც ის ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობას, აღარ შეეძლო და ასეთი სტრესის ატანა მისთვის წარმოუდგენელი იყო. ეს ფაქტი პირველი არ იყო ამ ქალბატონის მხრიდან, რის შესახებაც არაერთხელ მყავს ჩაყენებული საქმის კურსში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, განცხადებითაც მაქვს მიმართული, ამაზე საოქმო ჩანაწერიც არსებობს“, - აღნიშნა ბუხრაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, 3 კვირის განმავლობაში გამომძიებლებს არ გამოუკითხავთ არც გარდაცვლილის ოჯახის წევრები და არც საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი - როდესაც საქმე ეხება ოპოზიციონერს, შეუძლიათ კანონი ორ საათში აღასრულონ, ხოლო როდესაც საქმე ხელისუფლების წარმომადგენელს ეხება - ხდება ხელის დაფარება. სამი კვირაა გასული და არანაირი სამართლებრივი შედეგი არ არის დამდგარი. ვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას“, - განაცხადა ადვოკატმა.
ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 23 ოქტომბერსვე გაავრცელა ქეთევან თურაზაშვილის თანაპარტიელმა, ალექსანდრე ელისაშვილმა. ის მომხდარს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ქმედებასთან აკავშირებდა და გამოძიებას ითხოვდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელისაშვილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
„სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე“, - ნათქვამი იყო ცესკოს განცხადებაში.
საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბესიკ ლაჩაშვილის თქმით, „გადმოცემით იცის“, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან „საქართველოს ამბებს“ დაუდასტურა, რომ გამოკითხვაზე არც ის ყოფილა დაბარებული და არც კომისიის რომელიმე წევრი.
