დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დიდად არ მაინტერესებს, ვინ ჩახსნის [სიებს] ამ ფორმით, იმ ფორმით... შეიძლება გაუგებრობა არის და ახლა ბევრ გაუგებრობას უნდა ველოდოთ, როცა ერთპარტიული სისტემიდან მრავალპარტიულში გადავდივართ. ეს არის დემოკრატია. ჯობია შევეგუოთ. სხვადასხვა ფორმები, სხვადასხვა აზრები, ერთმანეთთან არ შეთანხმება, ზოგჯერ არ გაგება... ის პარტიები რომ არ შევლენ... და მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ არ შევლენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვითარებასთან შედარებები „უაზროა“.

„იქ არ იდგა ქვეყნის მომავლის, ევროპული მომავლის საკითხი. პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და იქიდან იმუშავეთ რეფორმებზე. არ იყო განცდა საზოგადოებაში, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდის, არ იყო განცდა, რომ მასიურად გაყალბდა არჩევნები. იყო, როგორც ყოველთვის ის, რასაც მე „ნორმალურ გაყალბებას“ ვეძახი, მაგრამ ის განცდა, რომ მოგვპარეს არჩევნები და ქვეყანა, არ არსებობდა. ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში

სანამ არ შევა არცერთი ოპოზიციური პარტია, „ოცნება“ რჩება მარტო. დღეს ვართ სულ სხვა მდგომარეობაში. მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში. ერთპარტიულია მთავრობა, პარლამენტი, ერთი კაცის ვერტიკალის ქვეშ და ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა, სრულად დამოკიდებულია ამ ერთ პარტიაზე და ადამიანზე.

რა თქვა დღეს პაპუაშვილმა, თუ მდინარაძემ - რა მნიშვნელობა აქვს, ერთიდაიგივეა - ისეთი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არ გაგვიცრუებს იმედსო, რომ ჩვენი იქნებაო.  ანუ მოთხოვნა პრეზიდენტზე არის ის, რომ იყოს სრულიად დამოკიდებული, როგორიც არის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა, სუსი, ცენტრალური ბანკი, მარეგულირებელი კომისიები, ანუ აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია  და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ. ამას რა ჰქვია? რუსეთი“, - თქვა პრეზიდენტმა.

„ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველ სხდომაზე შეკრებას 25 ნოემბერს, ორშაბათს, გეგმავს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი.

ცესკოს საბოლოო მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა. სალომე ზურაბიშვილი და 34 ოპოზიციონერი დეპუტატი არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).