ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ძმამ და ადვოკატმა 14 თებერვალს, დღის ბოლოს გაავრცელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა.
„ცხრა წელი ჰქონდა მისჯილი, საიდანაც შვიდი მოიხადა და კიდევ ორი წელი რჩებოდა. უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება შეტანილი. ბრძოლა არასდროს გაჩერებულა. ყველას პირობას ვაძლევ, რომ ჩემი ძმა თავის სიმართლეს დაამტკიცებს“, - თქვა თორნიკე მამალაძემ.
როგორც ის ამბობს, დეკანოზი 5 წელია პარალიზებულია, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და მკურნალობას საჭიროებს.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ციანიდის საქმეში დაზარალებულად ცნობილი კათოლიკოს პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დეკანოზს აღარ უჩიოდა და თანახმა იყო, მისთვის მისჯილი სასჯელი შინაპატიმრობით შეცვლილიყო. დოკუმენტი 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდებოდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იმავე წლის სექტემბერში, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. მამალაძემ მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დაკავების შემდეგ პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან რეფერენტის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებდა.
დეკანოზისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი.
დეკანოზი ბრალს არ აღიარებდა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე საქმეზე სასამართლო პროცესები დახურული იყო. მაშინდელმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა, რომ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა.
