სამეგრელოში, ტობავარჩხილის ბილიკზე დაკარგული ჩეხი სოლო მოლაშქრის, 24 წლის სტანისლავ კოსკისის სამძებრო ჯგუფმა ძირითადი მარშრუტი გაიარა. მომდევნო დღეების განმავლობაში ბილიკზე მოლაშქრეების მიერ მონიშნულ ურთულეს მონაკვეთებს შეამოწმებენ. სამძებრო სამუშაოებს ალპურ ზონაში ნაადრევი ზამთარი ართულებს. ახლობლები აღნიშნავენ, რომ სამძებრო ჯგუფი ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობს, თუმცა უჭირთ კომუნიკაცია სახელმწოფო უწყებებთან და ინფორმაციის გაგება ალტერნატიული გზებით უწევთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სოლო მოლაშქრე მარშრუტზე გასვლისას მუდმივ კონტაქტზე დედასთან ჰანა კოსკისთან და პარტნიორთან კატერინა ზაპლეტანოვასთან იყო. ღამისთევის ადგილისა და მომდევნო დღეების გეგმებს მათ უზიარებდა.
„სტანისლავი საქართველოში პირველად 27 სექტემბერს, ავტოსტოპით ქალაქ ბათუმში ჩამოვიდა. შემდეგ თავისი დაგეგმილი მარშრუტის რუკა და იმ ადგილის მდებარეობა გამომიგზავნა, სადაც ღამის გათევას აპირებდა. ბოლოს აქტიური 28 სექტემბერს, დაახლოებით, დილის 1-ის ნახევარზე იყო, ხოლო 16:00 საათის მერე მისგან სიგნალი აღარ მოდიოდა,“ - უთხრა „საქართველოს ამბებს“ სტანისლავის დედამ, ჰანა კოსკისმა.
სტანისლავმა მეგობარ გოგოს, კატერინა ზაპლეტანოვასაც ბოლო შეტყობინება 28 სექტემბერს 15:53 საათზე გაუგზავნა. „მისი ბოლო სიგნალი მთა ყვირას მიმდებარედ დაფიქსირდა, მას შემდეგ ჩვენ არაფერი ვიცით. ის აპირებდა თავშესაფარში მისვლას, იქ დაძინებას და მეორე დღეს ტობავარჩხილის ტბიდან ლაკუმურაშ ტობამდე წასვლას,“ - ამბობს კატერინა.
მისი ინფორმაციით, იმ დღეს, როცა კოსკისმა ლაშქრობა დაიწყო, თავდაპირველი გეგმისგან გადახვევა გადაწყვიტა, ცვლილების კონკრეტული მიზეზი გაურკვეველია. დედის, ჰანა კოსკისის განმარტებით, მას მარშრუტის ცვლილება სჩვეოდა, ირჩევდა ნაკლებად შესწავლილ ადგილებს, უყვარდა სპონტანურ თავგადასავლებში გახვევა. დედა ყვება, რომ სტანისლავს მოვლილი ჰქონდა ჩეხეთისა და ავსტრიის მთები - „იგი მიჩვეული იყო რთულ მარშრუტებს და სიამოვნებას ანიჭებდა ახალი გზების შესწავლა. მისი სპონტანურობა და განსხვავებული ბუნების პირობებთან შეგუება მის მონდომებასა და ლაშქრობისადმი სიყვარულზე მიუთითებდა.“
ტობავარჩხილის ტბების მარშრუტზე სატელეფონო კავშირი უმეტეად არ არსებობს. ბილიკის დასაფარად საჭირო დროის გასვლის შემდეგ, როცა სტანისლავი კონტაქტზე აღარ გამოვიდა, დედა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, 4 ოქტომბერს შვილის გაუჩინარების შესახებ განაცხადა და მისი სვლის სავარაუდო მარშრუტი მიაწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ რთული რელიეფი და ამინდის მძიმე პირობები ოპერაციას ართულებს, შეტყობინების მიღების შემდეგ მათ სამძებრო სამუშაოები მაინც დაიწყეს. ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში, ასევე, სამძებრო სამუშაოებში დასახმარებლად გამოყენებული იქნა სახმელეთო ჯგუფების რესურსიც, დრონები და ვერტმფრენები (როცა ამის საშუალებას ამინდიც იძლევა.) მიუხედავად მძიმე ვითარებისა, სხვადასხვა სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მათ თავგანწირვას აჩვენებენ,“ - თქვა ჰანა კოსკისმა.
დაკარგულის მეგობრები ქართული სამსახურების მუშაობით უკმაყოფილონი არიან. ზაპლეტანოვა ამბობს, რომ დედა თავს იკავებს კრიტიკული შენიშვნებისგან, რადგან სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის ეშინია. მისი თქმით, მეგობრები და ახლობლები ვერ ახერხებენ სამძებრო სამუშაოებზე ინფორმაციის მიღებას, ამბავს კითხვა-კითხვით ადგილობრივებისგან იგებენ.
„მე მიმაჩნია, რომ თქვენი პოლიცია ძალიან დაგვიანებულად რეაგირებდა. სამაშველო ჯგუფი დიდებულია, მაგრამ პოლიცია - არა. ჩეხეთის საელჩოსთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მარშრუტები შეამოწმეს ან სად მიმდინარეობს ძებნის პროცესი. სწორედ ამიტომ, მე თვითონ დავიწყე ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირება. რომ არა ადგილობრივები, ჩვენ ვერაფერს შევიტყობდით“, - აღნიშნავს კატარინა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს „საქართველოს ამბებიც“ დაუკავშირდა, უწყება განმარტებას არც ქართულ მედიასთან აკეთებს.
გამოცდილი მოლაშქრე საქართველოდან ალექსი ტატევოსიანი ადასტურებს, რომ მარშრუტზე დაკარგვის მაღალი რისკია. სქურის მხრიდან ბილიკზე არ არსებობს მანიშნებლები და GPS ტრეკშიც უზუსტობებია.
„ტობავარჩხილის მარშრუტზე დიდი პრობლემაა მარკირებასა და ნიშნულებთან დაკავშირებით. ჯიპიეს ტრეკსაც პატარ-პატარა ცდომილებები აქვს, რამდენიმე წლის წინ რომ გაკეთდა ეს ტრეკი, ზოგიერთ ადგილას ახლა სასიარულო მონაკვეთები აღარაა, იმიტომ რომ რელიეფი დროთა განმავლობაში შეიცვალა.
ძალიან რთული რელიეფია და უამინდობაში ფეხი ძალიან სრიალებს. რამდენჯერმე მდინარეზე გადასვლაც გიწევს, სწრაფი და ცივი დინებაა. ამინდის გაუარესების შემთხვევაში მწყემსების ქოხებში შეიძლება თავის შეფარება, სადაც საკვებიც შეიძლება დაგხვდეს. მწყემსები ახლა იქ კი აღარ იქნებიან, ცივი სეზონი დაიწყო და ბინებს დატოვებდნენ,“ - ამბობს ტატევოსიანი.
მისი ინფორმაციით, ყველაზე რთული მონაკვეთი ლაკუმურაშიდან ხაიშამდეა და ძებნაც ამ ადგილებშია საჭირო.: „ხაიშამდე ბილიკი ზოგან ძალიან ციცაბოა და ლამის კლდეზე ცოცვა გიწევს, ზურგჩანთით არ გავბედავდი გადასვლას, დიდი შანსია რომ დაცურდე, მით უმეტეს თუ უამინდობა დაგემთხვა, არავის ვურჩევდი მანდ გადასვლას. ლაკუმურაშ - ხაიშის კლასიკური მარშრუტიდან შემოვლას ვამჯობინებ ხობისწყლის ხეობით, დამატებით ერთ დღეს მოითხოვს, მაგრამ უსაფრთხოა“.
სტანისლავ კოსკისმა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა ივლისში დაიწყო და უმეტესად ავტოსტოპით გადაადგილდებოდა. მან საქართველოში ურთულესი სალაშქრო მარშრუტი შეარჩია, ტობავარჩხილის ბილიკზე ლაშქრობის სეზონიც გასულია. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდმა Trekking in the Caucasus 11 ოქტომბერს გაავრცელა. მოგზაური საქართველოდან შინ ჩეხეთში დაბრუნებას თვის ბოლოს გეგმავდა, სადაც მას მშობლები, 4 წლის შვილი და მეგობარი გოგო ელოდებიან.