„ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ელექტროენერგიის 40 % აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული „ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს.
გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია „ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დაიწყო „ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა.
„ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა ადგილები.
ამჟამად პროექტს „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია „ენგური ატრაქცია“ ახორციელებენ, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ხელმძღვანელობს.
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მეორე ადგილზეა მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის. ენგურჰესის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და 1988 წელს დასრულდა.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა (2021-2031) მცირე, საშუალო და დიდი, 123 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათამდე ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მცხოვრებლები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. რამდენიმე საქმე სასამართლოშიც არის გასაჩივრებული, ძირითადად, არასაკმარისი კვლევების, მოსალოდნელი საფრთხეების, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა და საქართველოს მთავრობასთან 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. „ენკა რინიუებლზის“ ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა განაპირობა საქართველოს მთავრობის დეფოლტმა და ფორს მაჟორმა. კომპანიამ 40 389 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება ჩამოწერა და რიონის ხეობა დატოვა. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც თავის წინააღმდეგობას მოსალოდნელი საფრთხეებით და მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების კაბალური პირობებით ხსნიდა.
მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, შეწყვეტილია 280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობაც ზემო სვანეთში. 2020 წელს გამოქვეყნდა პროექტის დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესაბამისი ორგანოების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.
ნებართვების გაცემის მიუხედავად ვერ დაიწყო 650 მეგავატიანი ხუდონჰესის აშენება ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშში. პროექტი აქაც მოსახლეობის პროტესტის გამოა შეჩერებული. ხუდონჰესი 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლისა და 528 ჰექტარზე წყალსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს. აშენების შემთხვევაში, ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება 1300 მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ.
აპრილში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ჰესები, მათ შორის, ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს.