კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ერთ წელზე მეტია არ აკმაყოფილებს მოთხოვნას ტრადიციული რაჭული კერძისთვის - „შქმერულისთვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„შქმერულისთვის“ სტატუსის მინიჭებას შქმერის საინიციატივო ჯგუფი ითხოვს. სააგენტოს წერილობით 2022 წლის იანვარში მიმართეს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს გოგა გაგნიძეს მიაჩნია, რომ „შქმერულის“ აღიარება ზემო რაჭის კულტურულ პოტენციალს წარმოაჩენდა და პირველივე ეტაპზე სოფელში შემორჩენილი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა, როგორც ეს ფშავში - დამბალხაჭოსთვის, სვანეთში - ნარჩვისთვის და ა.შ. სტატუსის მინიჭების შედეგად მოხდა.
„შქმერული“ ქართული კერძების უიშვიათეს სახეობებს შორისაა, იგი ტოპონიმურია და მისი სახელწოდება არა მომზადების სტილზე, არამედ უნიკალური წარმოშობის ადგილზე მიუთითებს.
ბოლო წლებში „შქმერული“ პოპულარული გახდა იაპონიაში - სწრაფი კვების ობიექტებში და არამხოლოდ იქ. „შქმერულზე“ დაყრდნობით ჩვენი კუთხის, შქმერის თემის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია გვაქვს შემუშავებული. ამის ნაწილია მეფრინველეობის საწარმოს შექმნა და მის ბაზაზე სწრაფი მომზადების „შქმერულის“ წარმოება.
კონტაქტები გვაქვს იაპონიაში დაინტერესებულ ადამიანებთან, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ აღჭურვილობით. პოპულარობიდან გამომდინარე ეს ორგანული პროდუქცია თავის ბაზარს საქართველოშიც იპოვიდა. ამ პროცესში „შქმერულისთვის“ არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი წინაპირობაც იქნებოდა მხარის ეკონომიკური გამოცოცხლების სტიმულირებისთვის“, - უთხრა გოგა გაგნიძემ „საქართველოს ამბებს“.
შქმერის საინიციატივო ჯგუფი სააგენტოს მხრიდან მოთხოვნის იგნორირებას იმით ხსნის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შქმერში ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების კატეგორიული წინააღმდეგია და ხალხს ფიზიკური და სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, შქმერის თემის ტერიტორიების გადათხრა შეჩერებული აქვს.
„შქმერის გადასარჩენად, იმ რესურსის, გარემოს, კულტურის, ტრადიციების მდგრადი გამოყენებისთვის მეორე წელია ვითხოვთ შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების შექმნას, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც წარვადგინეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ხელისუფლების ამ პოლიტიკის ნაწილია ისიც, რომ „შქმერულს“ არამატერიალური ძეგლის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს. რატომ მიაჩნია სააგენტოს, რომ „შქმერული“ არ არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რატომ არის, მაგალითად, აპოხტის ხინკალი ან მცხეთური ღვეზელი, რომლებსაც ორი დღის წინ ძეგლის სტატუსი მისცეს“, - გოგა გაგნიძე, რამდენიმე თვეა, რაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ძველი თანამშრომლები გაათავისუფლეს, უწყებასთან კომუნიკაციას ვეღარ ახერხებს.
„ჩვენი განაცხადი უნდა განხილულიყო კომისიის მიერ, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იკრიბება, მას შემდეგ, რაც განაცხადები გროვდება. ველოდებოდით შედეგებს, რაც დროში ძალიან გაიწელა. სააგენტოს თანამშრომელმა, ვისაც ვეკონტაქტებოდით, მითხრა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა რაც საჭირო იყო „შქმერულის“ გასაძეგლებლად, ყველაფერი დასრულებული დატოვა. ამის შემდეგ სააგენტოს წერილობით მივმართე, პასუხი არ მიმიღია. არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“.
კულტურული მეკვიდრეობის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებაა კულტურის სმაინისტროსთან ერთად, რომლის ნაწილიც არის. კულტურის სამინისტროსთან და მის უწყებებთან კომუნიკაცია, ამ ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვება უკიდურესად გაუარესდა მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ. „საქართველოს ამბებმა“ სააგენტოდან და სამინისტროდან ვერც ამჯერად შეძლო განმარტების მიღება.
„საქართველოს ამბებს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი სარჩელი აქვს წარდგენილი - ორივე უწყებამ დაგვიბლოკა საჯარო ინფორმაცია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან - ალავერდის საკათედრო ტაძართან ახლოს და ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში, ალავერდიის ეპარქიისა და კომპანია „ბადაგონის“ მიერ სასტუმროს უკანონო მშენებლობის თაობაზე.
ამ თემაზე: