ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე პარლამენტში „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვას ეხმაურება და წერს, რომ არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.
რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება“, - წერს არველაძე.
პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დილიდან განიხილავს კანონპროექტებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომლებსაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ექნება მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც. მწვავე პროტესტის მიუხედავად, 2 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობის საბაბით, დააკავა საპროტესტო აქციის მონაწილე 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი - ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომიდან გააძევეს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. გუშინ, გვიან საღამოს მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის აპარატმა აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა ინტერნეტგამოცემების „პუბლიკის“ და „ტაბულას“ 4 ჟურნალისტს. პარლამენტში მედიის მუშაობის ახალი წესები 1-ელი მარტიდან აამოქმედეს.
დღეს, დილიდან, პარლამენტის შენობასთან, სადაც დეპუტატების დასაცავად ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული, საპროტესტო აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსული კანონპროექტების განხილვას და „ქართულ ოცნებას“ ევროპული კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ.
ასეთი კანონი ამავე მიზნებით 2012 წელს მიიღეს რუსეთში და კრიტიკული ხმა ჩაახშეს. ევროკავშირი ასეთ კანონს კრძალავს.
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე უნდა გამართულიყო, ხვალისთვის გადაიდო და 10:00 საათზე გაიმართება. დილის 10 საათზე დაიგეგმა დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საპროტესტო აქციაც.