EU-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არ მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი იყო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს გამოვლენილი დარღვევების გამო. ისინი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ელინა ვალტონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „დემოკრატია თავისუფალ არჩევნებზეა დაფუძნებული. საქართველოს არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიშით შეშფოთებული ვარ. უამრავი დარღვევა, წნეხი ამომრჩეველზე და არათანაბარი საარჩევნო გარემო. ეჭვები არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის უფლებებს უთხრის ძირს“.

ესპენ ბარტ ეიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევნოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს. საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება“.

ლარს ლოკ რასმუსენი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „დანია მხარს უჭერს საქართველოს ხალხის დემოკრატიულ უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის დამკვირვებლების განცხადებებით, რომ არჩევნები დაზიანდა უთანასწორო გარემოთი, ზეწოლითა და დაძაბულობით. ჩვენ ამ მიგნებებს ძალიან სერიოზულად ვიღებთ“. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „არჩევნები უნდა იყოს დაფუძნებული თავისუფლებასა და სამართლიანობაზე. მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ნებისმიერ არჩევნებში დარღვევების შესახებ ბრალდებებს და ყურადღებით დავაკვირდები საქართველოში ვითარების განვითარებას“.

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საარჩევნო დამკვირვებლების ცნობები და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეუძლებელს ხდის ამ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად მიჩნევას. არავის აქვს უფლება საქართველოს ევროპული მომავალი მოიპაროს“.

რადოსლავ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“.

იან ლიპავსკი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ცნობებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“.

ბენჟამინ ჰადადი, საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში: „საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიების წინასწარი მიგნებები მიუთითებს ამომრჩევლების წინააღმდეგ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე“, ასევე „დემოკრატიულ უკუსვლაზე“. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თან ახლავს პასუხისმგებლობები, მათ შორის თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური თავისუფლებების შენარჩუნება და პოლიტიკური პლურალიზმი. მათი პატივისცემა აუცილებელია, რათა ქართველი ხალხის ევროპული გზა გაგრძელდეს“.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით (დათვლილია უბნების 99.968%), საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში, 37.786%.

ცესკოს მონაცემები მკვეთრად განსხვავდება ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მაჩვენებლებისგან, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციამ ჯამში 51.9% მიიღო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ - 40.9% და უფრო მეტად ემთხვევა სამთავრობო არხის, „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლს.

არჩევნების ოფიციალური შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და „რუსული სპეცოპერაცია“ ჩატარდა. მან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარტნიორებს მოუწოდა, მოსახლეობის გვერდით დადგნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.