ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შეაჩერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს მხადაჭერა და სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებაც განიხილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ბოლო დროს საქართველოში ხედავენ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას, დეზინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირისა და მისი ფასეულობების შესახებ.
„გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს: თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კურსს, ქვეყანა ვერ წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე. ეს ძალიან მძლავრი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და განიხილეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირს. ისინი შეთანხმდნენ სტრატეგიულ საკითხებზე, ასევე ახალი ინსტიტუციური ლიდერების თაობაზე, რომლებიც ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, გარდა ამისა, მათ გაიმეორეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერონ. ეს მართლაც გულსატკენია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არჩევანი არ ჰქონდათ, თვეების განმავლობაში ჩვენ ვაგზავნიდით მკაფიო სიგნალს, რომ თუ კანონი მიღებული იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები. კანონი მიღებულ იქნა და დადგა შედეგების დრო.
მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეცვალონ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევდით საქართველოს ყველა მთავრობას და ახლა ეს დახმარება წავიდეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ. როგორც იცით, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობებისადმი ყოველთვის იყო ათჯერ მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისადმი.
ამ ცვლილების პირველი მსხვერპლი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, რადგან მე ყოველთვის ვცდილობდი და ვმუშაობდი იმ მიმართულებით, რომ საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი ყოფილიყო. ყველაზე საწყენი ის არის, რომ ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი ის შეჩერდა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება შემდგომი ნაბიჯებიც.
ჩვენ არ გვინდა, რომ ვავნოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვინდა, რომ ვავნოთ ქართველ ხალხს და ჩვენი ბევრი პროგრამა მიმართულია ყველაზე დაუცველი ჯგუფებისკენ.
ამ ყველაფერს ვამბობ გულისტკივილით, რადგან ახლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ნაცვლად ამისა კი ის უდაბლეს დონეზეა. მე ისღა დამრჩენია იმედი ვიქონიო, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და შემდეგი მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, განაახლებს ურთიერთობებს ევროკავშირთან“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარებით ქვეყნის თავდაცვის ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება, მომსახურება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მომზადება უნდა დაფინანსებულიყო.
27-28 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ევროკავშირის ლიდერებმა გამოთქვეს „სერიოზული შეშფოთება“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს ეხება ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებას, რომელიც ევროპული საბჭოს თანახმად, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებში გაწერილი ნაბიჯებიდან „უკუსვლას“ წარმოადგენს. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“.