ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის შეშფოთება საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის ძალაში შესვლის გამო და განაცხადა, რომ მთავრობისთვის დახმარების შეჩერების საკითხი განიხილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ესპანურ გამოცემა Europa Press-სთან პიტერ სტანომ თქვა, რომ ევროკავშირი „ძალიან შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით“ და ძალაში შესული რუსული კანონი წარმოადგენს „უკანდახევას“ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებში.
პიტერ სტანოს განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, მათი გამოკლებით, „ვინც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე“.
„ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას“, - აღნიშნა სტანომ მას შემდეგ რაც თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე გაყინა ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში სამხედრო დახმარებისთვის დაგეგმილი 30 მილიონი ევრო.
ორი დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარის დახმარებას შეუჩერებს, ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
28 მაისს, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელებად“ აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. ასზე მეტმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან.
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედებას არ შეჩერდება, 2 სექტემბრიდან, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ მძიმე საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.
