ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს სახელით გადასცა დემარში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ამის შესახებ ჰერჩინსკიმ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარში გადავეცით. დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება.
ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. წარმოვადგინეთ ევროკავშირის პოზიცია, როგორც ეს შეთანხმებული იყო ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ. იუსტიციის მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რათა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და პატიმრის, დაცული იყოს“, - თქვა ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „მე მუდმივი დიალოგი მაქვს პრემიერთან, ასევე, პერიოდულად ვხვდები პრეზიდენტს და ძალიან ღიად განვიხილავთ ყველა საკითხს. ჩვენ საქართველოს ვექცევით, როგორც ჩვენს ძალიან ახლო პარტნიორს. ასე რომ, ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, აუცილებელია, მქონდეს წვდომა საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირებთან და დავრწმუნდე, რომ განვიხილავთ ყველა შემაშფოთებელ საკითხს ძალიან ღიად და გულწრფელად“.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კლინიკა „ვივამედში“ მათი ბოლო ვიზიტის შემდეგ, 4 დეკემბრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. კერძოდ, მან კიდევ 5.7 კილოგრამი დაიკლო კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. ექსპერტების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-დან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა, აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება. ექსპერტთა ჯგუფი პროგნოზირებს, რომ შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
23 თებერვალს, „ვივამედის“ ექიმებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ 20 თებერვლის მდგომარეობით, ყოფილი პრეზიდენტი 67.2 კილოგრამს იწონიდა და „ტენდენცია დამძიმებისკენაა“. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რომელშიც იმყოფება და ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს.
15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, „ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში მუდმივი მარცხი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის პერსპექტივას“.
უფრო ადრე, 6 თებერვალს, ორთვიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების თაობაზე და იგი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.
სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ დაახლოებით 9 თვის წინ, 2022 წლის მაისში გადაიყვანეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან.