ევროკავშირის ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. ეს ინფორმაცია დაადასტურა ბელგიამ, რომელიც ამჟამად ევროპულ საბჭოს თავმჯდომარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ სანქციების ძლიერ და არსებით პაკეტზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საპასუხოდ. ეს პაკეტი უზრუნველყოფს ახალ მიზანმიმართულ ზომებს და ხვრელების დახურვით მაქსიმალურად ზრდის არსებული სანქციების ზემოქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბელგიის თავმჯდომარეობამ X-ზე გამოაქვეყნა.
გამოცემა Reuters-ი წერდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მორიგ პაკეტზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელოდნენ და საბოლოოდ, გერმანიის მოთხოვით, შერბილებული ფორმით დამტკიცდა. კერძოდ, უარი ითქვა იმ პუნქტის შეტანაზე, რომელიც მესამე ქვეყნებში მდებარე ევროპული ფირმების შვილობილი კომპანიებისთვის რუსეთში საქონლის რეექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებდა. Reuters-ის ცნობით, ასეთი ზომა მიზნად ისახავდა რუსეთში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიური საქონლის (მაგალითად, სარეცხის მანქანის ჩიპების) მიწოდების შეჩერებას, რომელიც რუსეთს შეუძლია იარაღის წარმოებისთვის გამოიყენოს. გერმანიამ ამ ზომის შედეგების შესწავლა ითხოვა.
Reuters-ის თანახმად, მე-14 პაკეტი კრძალავს რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) რეექსპორტს ევროკავშირის წყლების გავლით, მაგრამ არ აკრძალავს იმპორტს, როგორც ეს ევროკავშირმა 2022 წელს გააკეთა ზღვით ტრანსპორტირებული ნავთობის შემთხვევაში. თუმცა, Reuters-ს გაზის ბაზრის ექსპერტებმა უთხრეს, რომ ამ ზომას მცირე გავლენა ექნება, რადგან ევროკავშირის პორტების გავლით აზიაში გაზის მიწოდება რუსული გაზის ექსპორტის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთიდან უკრაინის გავლით, მილსადენით, გაზის იმპორტს კვლავ ახორციელებს. Reuters-ს წყაროს ინფორმაციით, პაკეტი ასევე შეიცავს პუნქტს, რომელიც შვედეთსა და ფინეთს იმპორტზე გაფორმებული კონტრაქტების გაუქმების საშუალებას მისცემს.
გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა რუსულ გაზზე სანქციები პირველად დაამტკიცა და ის მოსკოვს აიძულებს თხევადი ბუნებრივი გაზის ბიზნეს მოდელს გადახედოს, განსაკუთრებით ევროპის გავლით აზიისთვის მიწოდების ნაწილში. „რუსეთს ახლა, სავარაუდოდ, მოუწევს ამ გადაზიდვების მარშრუტის შეცვლა არქტიკის ზღვის გავლით, რაც საჭიროებს დეფიციტში არსებული სპეციალურად აღჭურვილი ყინულმჭრელების გამოყენებას“, - წერს გამოცემა.