ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ევროკომისიის ხელმძღვანელი კვლავ გერმანელი პოლიტიკოსი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება, ხოლო პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიუ კოშტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კაია კალასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურები ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
„ჩემთვის პატივია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად დასახელება. ჩემი კოლეგების გადაწყვეტილება სიმბოლურია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-20 წლისთავს“, - განაცხადა კალასმა. ის ახალ თანამდებობაზე 5 წლის ვადით იქნება არჩეული.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა გაძლიერდა.
„მინდა მომავალში კიდევ უფრო გავძლიერდეთ. ერთიანობა ყველაფრის საფუძველია. ევროპულმა ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ ერთიანობის გასაძლიერებლად. ევროპაში ომი მიმდინარეობს. ეს არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. მზარდი არასტაბილურობა ასევე მოითხოვს ჩვენს ყურადღებას“, - თქვა კაია კალასმა.
Euronews-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, ხოლო კაია კალასისთვის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კოშტასა და კალასის წინააღმდეგ მისცა ხმა, ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის მხარდაჭერისგან კი თავი შეიკავა.
თუ ევროპარლამენტი კაია კალასს დაამტკიცებს, ის გახდება პირველი ესტონელი პოლიტიკოსი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ თანამდებობაზე დაინიშნება. კალასი ესტონეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის იანვარში გახდა.
კაია კალასი საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების გამო აკრიტიკებდა. „იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ, ის ნაბიჯები, რასაც ამ რეფორმებით დგამენ, არასწორი მიმართულებით მიდიან, აღარ არის საქართველოს შიდა საკითხი, არამედ, სინამდვილეში, სასწორზე მთელი ევროკავშირის სანდოობა დევს“, - განაცხადა კალასმა მაისის ბოლოს.
კაია კალასი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაშია. მასზე ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით აქვს გამოცხადებული, თუმცა კონკრეტულად რა დანაშაულზეა საუბარი, უცნობია.
კაია კალასი რუსეთის კრიტიკითა არის ცნობილი. ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ხვრელების აღმოფხვრას, რუსული აქტივების კონფისკაციას, ომის დანაშაულებისთვის რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გასამართლებას და რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.
Euronews-ის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთთან მისი ქმრის საქმიანი კავშირების შესახებ. კერძოდ, გაირკვა არვო ჰალიკი წილს ფლობდა ლოგისტიკურ კომპანიაში, რომელიც აგრძელებდა ფუნქციონირებას რუსეთში მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. კალასმა უარყო, რომ რუსეთთან კომპანიის კავშირების შესახებ იცოდა. რეაქციას, რომელიც ამ საკითხს ესტონეთში მოჰყვა, მან „ჯადოქრებზე პოლიტიკური ნადირობა“ უწოდა.