უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო. მიზანმიმართული სანციები დაუწესდა დამატებით 48 ფიზიკურ პირსა და 35 ორგანიზაციას ისეთი ქმედებების გამო, რომლებიც ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სანქცირებულთა შორის არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
გამოცემა The Insider-ის გამოძიების მიხედვით, სანქციების შიშით, მილიარდერ ევტუშენკოვს ფრანგულ კომპანიებში თავისი წილები მეუღლეზე აქვს გაფორმებული. მისი ცოლი და ქალიშვილი კომპანიების SCI Kristine, SCI Petr და SCI Umbto-ს მეშვეობით, საფრანგეთში სამ ვილას ფლობენ, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს, 24 თებერვალს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვლადიმერ ევტუშენკოვი 1993 წლიდან, Sistema-ს დაარსების შემდეგ, აღნიშნული კომპანიის აქციონერია, „სისტემა“ კი არის კონგლომერატი, რომელსაც ბიზნეს ინტერესები გააჩნია რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. კომპანიებს შორის, რომელსაც „სისტემა“ ფლობს ან აკონტროლებს, არიან: Agroholding Steppe (სოფლის მეურნეობა), BESK (ენერგეტიკა), Binnofarm (ფარმაცევტიკა), Cosmos Hotel Group (ტურიზმი), Element (ელექტრონიკა), Intourist (ტურიზმი), Medsi (ჯანდაცვა), Ozon (ელექტრონული კომერცია), Region AO (სამხედრო ინდუსტრია) და Segezha (ტყის, ხის, მერქნისა და ქაღალდის მრეწველობა).
„სისტემა“ ასევე ჩართულია საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების სექტორებში, მათ შორის „მობილურ ტელესისტემებში“ (MTS) წილის ქონით, ასევე საბანკო საქმეში, რადგან MTS-Bank სააქციო საზოგადოება MTS-ის საკუთრებაა.
BESK-ისა და მისი შვილობილი კომპანიების - Bashkirenergo-ს, BSK-ისა და BESK Engineering-ის მეშვეობით „სისტემა“ მონაწილეობს ენერგეტიკულ სექტორშიც, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობას მნიშვნელოვანი შემოსავალით უზრუნველყოფს.
დოკუმენტის მიხედვით, ვლადიმერ ევტუშენკოვი „სისტემას“ მაჟორიტარი მესაკუთრე იყო 2022 წლის აპრილამდე, ვიდრე თავის წილის ნაწილს შვილს, ფელიქს ევტუშენკოვს გადასცემდა.
„მაშასადამე, ვლადიმერ ევტუშენკოვი არის ბიზნესმენი, რომელიც ჩართულია ეკონომიკურ სექტორში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს უზრუნველყოფს.
ვლადიმირ ევტუშენკოვს დიდი ხნის ურთიერთობა აქვს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ესწრებოდა კრემლში პრეზიდენტ პუტინთან ბიზნესმენების შეხვედრას უკრაინაში შეჭრის დაწყების დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს.
ვლადიმირ ევტუშენკოვი „სისტემაში“ 49.2%-იან წილს ფლობს, თავმჯდომარეობს რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ინდუსტრიული პოლიტიკის კომიტეტს (RSPP), არის რუსეთ-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს თანათავმჯდომარე და ასევე, კორპორატიული მმართველობის ეროვნული საბჭო წევრი. ამიტომ, ვლადიმერ ევტუშენკოვი არის რუსეთში მოქმედი წამყვანი ბიზნესმენი“, - ნათქვამია სანქციების დოკუმენტში.
ევტუშენკოვსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. 2022 წლის აპრილში მათი სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვდა თბილისში გამოგზავნილი მისი წარმომადგენელი მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეეხვედრებინა.
ჩანაწერში ფიგურირებდა ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც, რომელიც 2007-2014 წლებში „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო და რომელსაც საქართველოს მთავრობამ რაჭაში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადასცა. 2023 წლის ნოემბერში, კანონდარღვევებში მხილების, სასამართლო დავების დაწყებისა და ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა საკუთარი გადაწყვეტილება გაეუქმებინა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.
