მადლობა გადავუხადეთ, სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე - ღარიბაშვილი ხიდაშელზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორი დავით ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას 4 წლის განმავლობაში სიმბოლურად იკავებდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ დანიშნა „კრემლთან დაახლოებული პირი“ მინისტრის მრჩევლად, რაზეც მან განაცხადა:

„ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? არ ვიცი, ეს თემა რატომ არის ასეთი აქტუალური. დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია. მას მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, 4 წელი იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ზოგადად, რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დემილიტარიზაციის საკითხებში, რუკებში და ა.შ.“

მმართველი პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს ასევე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა დავით ხიდაშელს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე.

„რა ინფორმაციაზე მელაპარაკებით. თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე და ხალხს ატყუებთ. ეს არის აბსურდი, არაფრის მომცემი. გაასაჯაროებენ [ხელშეკრულებას].

4 წელი ისე მუშაობდა, რომ საერთოდ კითხვა არ დასმულა. ახლა, არ ვიცი, საერთოდ რატომ აწიეთ ეს თემა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტროში მინისტრის მრჩევლად 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა. ამ პერიოდში თავდაცვის მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე იყვნენ. კერძოდ, 2019 წლის სექტემბრიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნის შემდეგ კი ამ თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან 2024 წლის 29 იანვარს გადადგა. მალევე თანამდებობა ჯუანშერ ბურჭულაძემაც დატოვა. სწორედ ამ საკადრო ცვლილებების შემდეგ გახდა ცნობილი თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის მუშაობის შესახებ.

დავით ხიდაშელმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ის დავით გარეჯის დემარკაციის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას კონსულტაციებს უწევდა, თუმცა ამაში ხელფასი არასდროს აუღია.

ვინ არის დავით ხიდაშელი

დავით ხიდაშელი რუსული კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო 2007-2014 წლებში. „სისტემა“ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მსხვილი კონგლომერატია. მის შემადგენლობაში შედის კომპანია „კრონდშადტი“, რომელიც 2021 წლიდან სამხედრო დრონებს აწარმოებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ემსახურება.

„სისტემის“ მფლობელი ვლადიმერ ევტუშენკოვია - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებული დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, უკრაინის, ახალი ზელანდიის მიერ. ევტუშენკოვი პუტინის უახლოესი გარემოცვაა. 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ „სისტემა“ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებაში, „სისტემა“ მოხსენიებულია ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ საჯარო დივერსიფიცირებულ ჰოლდინგურ კომპანიად.

ევტუშენკოვსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. 2022 წელს, ინტერნეტში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის მიხედვით, დავით ხიდაშელი „მესენჯერი“ იყო ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის.

ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტია. რუკა, რომელსაც საქართველოს პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მთელი ბრალდება დააფუძნა, რუსეთიდან ხიდაშელმა ჩამოიტანა. ამ „დამსახურებისთვის“ მან ივანიშვილის მადლობაც დაიმსახურა.

დავით გარეჯის საქმეზე იდგა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია #გარეჯისაქართველოა, 2020 წელს. ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააპატიმრა. მათ ედავებოდნენ, თითქოს, წინა ხელისუფლებისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის მონაკვეთი საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეათანხმეს, რის გამოც გარეჯის ძეგლისა და სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაპატიმრებული კარტოგრაფები სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ტერიტორიები სხვას გადასცა და ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, უნდა გაუქმდეს.

2022 წლის აპრილში, საქართველოს ხელისუფლებამ დავით ხიდაშელის კომპანიას გადასცა რაჭასა და ქვემო სვანეთში, რუსეთის საზღვართან და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მდებარე 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით. კანონდარღვევებში მხილების, სასამართლო დავების დაწყებისა და ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ, 2023 წლის ნოემბერში ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).