ევროკომისია: გასული წლის რეფორმები არ შეესაბამებოდა EU-ში ინტეგრაციის გაცხადებულ მიზანს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დღეს ევროკომისიამ მიიღო ყოველწლიური გაფართოების პაკეტი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ათი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს პროგრესს აფასებს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა ხარვეზები, მათ შორის, ბოლოდროინდელი საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებები, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული ხშირი დარღვევები, პროცედურული შეუსაბამობები, ამომრჩევლების დაშინება და მათზე ზეწოლა, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ევროკომისია აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაზეც უკვე იყო საუბარი წინა რეკომენდაციებში.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება პოლიტიკის გაცხადებულ მიზნად, გასული წლის რეფორმები და ზოგიერთი განვითარება არ შეესაბამებოდა ამ მიზანს და მთავრობის მიერ მობილიზებული იყო შეზღუდული პოლიტიკური ყურადღება ევროკავშირის დღის წესრიგში პროგრესისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების შეცვლის გზით“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის აპრილში პარლამენტის მიერ დაჩქარებული პროცედურებით საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ოფშორული სახსრების გადასახადის გარეშე გადმოტანის საშუალებას იძლევა, არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევდა კანონის მთლიანად გაუქმებას.

„კანონი ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას. ანგარიშგების მძიმე მოთხოვნები და იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაზე ზედამხედველობის მიზნით, ზრდის შერჩევითი და თვითნებური აღსრულების რისკს.

გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები, განსაკუთრებით კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციების კონტექსტში. ქმედებების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოძიებული. მოსალოდნელია, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას და შეამცირებს მათ ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესში“, - ანგარიშში ნათქვამია, რომ მომავალ წელს საქართველომ უნდა გააუქმოს აღნიშნული კანონი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი, 49% რჩება.

კომისიის დღევანდელი რეკომენდაციები ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები გაფართოების პროცესში მომავალი ნაბიჯების შესახებ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.