2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება „ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS).
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ETIAS მომავალი წლიდან ამოქმედდება, დღეს საქართველოში ევროკავშირის საელჩომ გაავრცელა.
ETIAS ვიზა არ არის. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.
საქართველოს მოქალაქეები ETIAS-ის განაცხადს 7 ევროდ ოფიციალური ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეავსებენ. ამისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სამ თვეზე მეტია დარჩენილი.
პროცედურის მიხედვით, განაცხადის შევსებისას მოგზაურობის მსურველმა უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, ეროვნება, საცხოვრებელი მისამართი, მშობლების სახელები, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- სამგზავრო დოკუმენტის დეტალები (საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი);
- დეტალები განათლების დონისა და ამჟამინდელი პროფესიის შესახებ;
- მოგზაურობის და ევროპის ქვეყანაში დარჩენის დეტალები;
- ყოფილხართ თუ არა ნასამართლევი, ან გიმოგზაურიათ თუ არა ომის ან კონფლიქტის ზონებში და თქვენს მიმართ მიღებული ყოფილა თუ არა გადაწყვეტილება, რომლითაც რომელიმე ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოგეთხოვათ.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს სხვა პირი შეგივსებთ, ის ვალდებულია, მიუთითოს საკუთარი ვინაობაც, საკონტაქტო ინფორმაცია, ორგანიზაციის ან ფირმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეტალები, ასევე, ინფორმაცია, თუ რა კავშირი აქვს თქვენთან. 18 წლამდე პირების განაცხადი მშობელმა ან მეურვემ უნდა შეავსოს.
განმცხადებლები, რომლებიც 18 წლამდე ან 70 წელზე უფროსი ასაკის არიან, გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამ თანხის გადახდა ასევე არ მოუწევთ ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებს.
განაცხადების უმეტესობა შევსებიდან რამდენიმე წუთში განიხილება, თუმცა, შესაძლებელია, რომ ზოგიერთის დამუშავებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი გადაწყვეტილებას ოთხი დღის განმავლობაში მიიღებს. ეს ვადა შეიძლება 14 დღით გახანგრძლივდეს, თუ საჭირო იქნება დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარდგენა, ან გამონაკლის შემთხვევებში - 30 დღით. აქედან გამომდინარე, უმჯობესია განაცხადი ბილეთების შეძენამდე ან საცხოვრებლის დაჯავშნამდე შეავსოთ. ამის შემდეგ, მითითებულ ელ.ფოსტაზე ორ წერილს მიიღებთ - ერთს განაცხადის გაგზავნის შემდეგ, რომელსაც თან ექნება დართული განცხადების ნომერი და მეორეს - განაცხადის განხილვის შედეგების შესახებ. უნდა დარწმუნდეთ, რომ ETIAS-ის დოკუმენტში სწორად გაქვთ მითითებული სახელი, პასპორტის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რადგან შეცდომის შემთხვევაში, საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებთ. იქიდან გამომდინარე, რომ სამოგზაურო ნებართვა დაკავშირებულია სამგზავრო დოკუმენტთან (პასპორტთან), თან უნდა იქონიოთ ის დოკუმენტი, რომლითაც განაცხადი შეავსეთ.
ავტორიზაციის მოქმედების ვადა სამ წლამდეა ან პასპორტის ვადის გასვლამდე. თუ ახალ პასპორტს აიღებთ, ახალი ნებართვის მიღებაც დაგჭირდებათ.
მოქმედი ნებართვით შეგიძლიათ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით იმდენჯერ შეხვიდეთ, რამდენჯერაც გსურთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
სამოგზაურო ნებართვის მიღება ევროკავშირის ქვეყანაში შესვლის უფლების ავტომატურად მოპოვების გარანტია არ არის. მესაზღვრეები მოგზაურებს საზღვარზე ძველებურად შეამოწმებენ და ისინი, ვინც უვიზო მიმოსვლის სხვა პირობებს არ დააკმაყოფილებენ, უარს მიიღებენ.
ETIAS-ის სისტემის შემოღება 2016 წლიდან განიხილებოდა. ევროკომისიის განმარტებით, სასაზღვრო და სამართალდამცავ ორგანოებს მცირე ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, ვინც ვიზის აღებისგან გათავისუფლებულები არიან. კომისიის თანახმად, ETIAS საზღვარზე მისვლამდე გამოავლენს იმ პირებს, ვინც შესაძლოა, უსაფრთხოების ან არარეგულარული მიგრაციის რისკს ქმნიდნენ. ETIAS სისტემის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა.