„ევროპული მომავლის საბოტაჟი“ და „კრემლის მითითება“ - საერთაშორისო გამოხმაურება რუსულ კანონზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აკრიტიკებენ და მას ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟად აფასებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ „აგენტების შესახებ“ კანონის დაბრუნება „წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია“.

„ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს. ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის მომავალს ევროკავშირში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება“, - აცხადებენ სენატორები და დასძენენ, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი სონია შიფერსი 3 აპრილსვე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ განცხადებას და დაანონსებული კანონი საქართველოს მხარდამჭერ დონორებზე თავდასხმად შეაფასა:

„დაუჯერებლად დამცინავი ტექსტი, რომელიც ამართლებს საქართველოში „უცხოური აგენტის კანონის“ ხელახლა შემოღებას, რებრენდირებულს კანონად „უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელი ორგანიზაციების შესახებ“. თავდასხმა არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაზე, არამედ ყველა დონორზე, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად ათწლეულების განმავლობაში მუშაობს“, - დაწერა შიფერსმა X-ში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხალხის დაყოფას არჩევნების წინ, ცდილობს ზეწოლის მოხდენას და ძირს უთხრის იმას, რაც უკვე მიღწეული და დაფასებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, - ამბობს ევროპული პარლამენტის წევრი, ანა ფოტიგა.

გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „კრემლში მყოფი ბატონებისგან ახალი მითითებები მიიღო“.

„ისინი იმდენად არაკრეატიულები არიან, რომ ისევ იგივე რუსული კანონი შემოიღეს, რომელზეც ქართველმა ხალხმა თქვა „არა“. ამ კანონს ერთი მიზანი აქვს - საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, საქართველოს რუსულ ჭაობში დატოვება. უდი იდეაა“.

ევროპული მომავლისთვის საბოტაჟის გამოცხადებად შეაფასა კანონპროექტი ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმაც: „სიმართლეს ვერ უარყოფენ. „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მზად არის, საბოტაჟი გაუკეთოს საქართველოს ევროპული რეფორმების გზას“.

მოსაზრება ყოფილმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმაც გამოთქვა და კანონს „რუსული დიქტატურის იმპორტი“ უწოდა: „ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურის იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლავს“.

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსმა ასევე X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ ევრაზიული ტირანიისკენ იხრება და დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საკითხი არ შეიძლება იყოს. „არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში“, - აღნიშნა მან მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

პროცესებს გამოეხმაურა ლიეტუველი დიპლომატი და სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისიც და აღნიშნა, რომ ინიციატივა არის „პრორუსული, პროჩინური ტენდენციების სახიფათო დემონსტრირება „ქართულ ოცნებაში“.

„იმედი მაქვს, ეს ავტოკრატიული, ანტიდასავლური ინიციატივა შეჩერდება“, - წერს პავილიონისი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ლორა თორნტონი აცხადებს, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება „რეჟიმების ძველი ტაქტიკაა არჩევნების წინ სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად“.

„ეს კანონები, რომლებიც შეფუთულია ტერმინით „გამჭვირვალობა“, მიზნად ისახავს ხელისუფლებაზე კრიტიკული კონტროლის მოხსნას. მე ეს ბევრჯერ, ბევრგან მინახავს და მნიშვნელოვანია დავარქვათ ის, რაც არის - რუსული კანონი“, - ამბობს თორნტონი.

მმართველი პარტია აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. „არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“, - თქვა მდინარაძემ. დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.