თბილისის საქალაქო სასამართლომ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტში გამართული აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი Facebook-ში პოლიციელების გინების გამო სამართალდამრღვევად ცნო და 800 ლარით დააჯარიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა - ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორმა გრიგორიადისის მიმართ ოქმი 7 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით შეადგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. ოქმის მიხედვით, 3 ივნისს, ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, მათი მისამართით გამოიყენა „გინების აღმნიშვნელი შეურაცხმყოფელი სიტყვები“.
როგორც ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, Facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეოში ბექა გრიგორიადისი პოლიციაზე საუბრობდა და კონკრეტული პოლიციელის სახელსა და გვარს არ ასახელებდა, თუმცა სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა სამართალდამცველმა თქვა, რომ შეურაცხყოფა საკუთარ თავზე მიიღო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ბექა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ცნო. როგორც მან განმარტა, რომ პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონია.
ქართული სასამართლოები სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებების გამო დაჯარიმების პრაქტიკას ამკვიდრებენ. 2023 წლის მარტში თბილისის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა ორი მოქალაქე Tik-Tok-სა და Facebook-ში პოლიციელების ლანძღვის გამო სცნეს სამართალდამრღვევებად. ერთს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა, მეორე კი 2500 ლარით დაჯარიმდა.
ირაკლი მილაძემ სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ მწვავე პროტესტს გამოხატავდა და თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით იგინებოდა. იგი აკრიტიკებდა იმ ადამიანებს, რომლებიც მოძრაობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში, სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია და ლანძღავდა იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევებზე პასუხს არ სთხოვენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალური ქსელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად მიიჩნია, სადაც ნებისმიერ პირი „ვალდებულია, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები“. სასამართლომ თქვა, რომ ირაკლი მილაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო კონკრეტულმა პოლიციელმა ნახა და შეურაცხყოფად აღიქვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც სამართალდამრღვევად ცნო მოქალაქე, რომელმაც Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და პოლიციის თანამშრომლებს „დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა“.
„საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი, ფიზიკურად შეესწრნენ ამ ფაქტს, მაშინ, როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში“, - განმარტა სააპელაციო სასამართლომ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილებები სახიფათო პრეცედენტებია, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.