გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია 103 ხმით, 9-ის წინააღმდეგ, მიიღო. 53 ქვეყანას შორის, რომელიც კენჭისყრას არ დაესწრო და შესაბამისად, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ჩინეთიც იყო. წელს პირველად, რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა მისცა სომხეთმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რეზოლუციას საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. წელს რეზოლუციის თანაავტორი, საქართველოს გარდა, 63 ქვეყანა გახდა, დოკუმენტის მხარდამჭერთა რაოდენობა კი, შარშანდელთან შედარებით სამით გაიზარდა.

„ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

წელს პირველად, რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, რომელიც სესიაზე სიტყვით გამოვიდა. 

„მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ გენერალური მდივნის მოწოდებას ყველა იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების თაობაზე, ისევე როგორც მათი საკუთრების უფლების პატივისცემის აუცილებლობაზე. ცხადია, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების მოსაგვარებლად და კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - თქვა დენის ფრანცისმა.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

4 ივნისს, რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), უკრაინამ, იაპონიამ და ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით).

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ბელარუსმა, კუბამ, ბურუნდიმ, ჩრდილოეთ კორეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სირიამ და ზიმბაბვემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.