რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის თქმით, „სამხრეთ ოსეთისთვის“ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება „ერთ-ერთი შესაძლო და ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია“. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
გაგლოევმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების მიმართულებით მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს და რუსეთის დახმარებით, იყენებენ ნებისმიერ პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობის გეოგრაფიის გასაფართოვებლად.
„ჩვენთვის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება ერთ-ერთი შესაძლო და ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ბელარუსთან თანამშრომლობის დასამყარებლად. ჯერჯერობით საუბარია კონტაქტებზე ჰუმანიტარულ სფეროში, სპორტში და ა.შ. სამომავლოდ ჩვენ ველით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ბელარუსის რესპუბლიკასთან“, - განაცხადა გაგლოევმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. როგორც გაგლოევმა განაცხადა, ბელარუსთან კონტაქტების დამყარების გარდა, არსებობს აღიარების გარკვეული პერსპექტივები ლათინურ ამერიკაში, სადაც ვენესუელა და ნიკარაგუა მზად არიან დე ფაქტო რესპუბლიკას რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან კავშირების დამყარებაში დაეხმარონ.
გაგლოევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
„თუ გაჩნდება ისეთი პირობები, რომელიც გამოიწვევს რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების საკითხის აქტუალიზაციას, ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს სტრატეგიულ პარტნიორთან. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ინტერესების შესაბამისად. რუსეთში ყოფნა ოსი ხალხის საუკუნოვანი ოცნებაა. რაც შეეხება მისი განხორციელების კონკრეტულ სამართლებრივ ფორმებს, ეს ერთობლივი განხილვის საგანია...
საქართველო დასავლეთის ქვეყნების დახმარებით აგრძელებს ძალისხმევას ჩვენი რესპუბლიკების [ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის] საერთაშორისო იზოლაციისთვის. ქართული მხარის მიდგომები არ უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში უფრო პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას.
ამის ნაცვლად, ჩვენი მისამართით ისმის სპეკულაციური მოწოდებები საქართველოსთან ერთად 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია და შეუქცევადად ჩამოყალიბდა მეგობრებისა და მოკავშირეების არჩევანში. ჩვენი გზა რუსეთთან ინტეგრაციაა“, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ალან გაგლოევი საქართველოში არსებულ „შიდაპოლიტიკურ კრიზისსაც“ შეეხო და თქვა, რომ „მრავალრიცხოვანმა რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული და რეგულარულად აგრესიული ნაციონალისტური ლოზუნგებით გამოდიან, არ შეიძლება არ გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების შეშფოთება“.